ჩინეთთან პარტნიორობით ეკონომიკური განვითარების უფრო დიდი პერსპექტივა აქვს ქვეყანას, ვიდრე მის გარეშე, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთთან ურთიერთობის ფარგლებში დიდი პერსპექტივა აქვს ქვეყანაში სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას.
„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკური ურთიერთობა განვითარდება და უფრო მაღალ დონეზე ავა, რადგანაც სამომავლოდ ბევრ ტვირთს უნდა მოემსახუროს. გარდა ამისა, ინვესტიციების კუთხით ჩინეთი ყალიბდება მაღალტექნოლოგიურ სახელმწიფოდ.
შესაბამისად ჩინეთიდან წამოსული ინვესტიციები, რომელიც საქართველოში ტექნოლოგიურ სექტორში შეიძლება განთავსდეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ჩვენ თავისუფალი ვაჭრობა გაქვს ევროკავშირთან და უფრო ადვილად მოხდება ერთობლივი საწარმოების, ერთობლივად წარმოებული პროდუქციის გასვლა ევროკავშირის ბაზარზე.
ერთ სულ მოსახლეზე თუ შევადარებ, ჩინეთის მსყიდველუნარიანობის პარიტეტით, ერთ სულ მოსახლეზე 23 ათასი დოლარია, ჩვენთან კი 22 ათასი დოლარი. სავალუტო ფონდი ამბობს, რომ 2027 წლისთვის საქართველო გადაასწრებს ჩინეთს ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით. ყოველივე ეს მოხდება იმ ფონზე, რომ შუა დერეფნის ფუნქცია განსაკუთრებით ვითარდება და მაღალ დონეს მიაღწევს, რაც ხელს უწყობს ქვეყნაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დაფიქსირებას“, - აღნიშნა დუნდუამ.
მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების შემოდინების წინა პირობაც გახდება.
„ჩინეთთან ურთიერთობა ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს. პირიქით, კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ფუნქციას. ეს ყველაფერი საქართველოს ფუნქციასა და მნიშვნელობას აძლიერებს, როგორც აღმოსავლეთისა და საქართველოს გზაშესაყარის, როცა ერთიანდება ორი უდიდესი ინტერესი მსოფლიოში ანუ ჩინეთისა და ევროკავშირის და ასეთ დროს საქართველოს ცენტრალურ ადგილს იჭერს ამ ურთიერთობებში.
შესაბამისად, ქვეყანას, რომელსაც აქვს სტრატეგიული ურთიერთობა ჩინეთთან და სტრატეგიული ურთიერთობა ევროკავშირთან გაცილებით მოგებულია ვიდრე ამ დონის ურთიერთობების გარეშე.
ჩვენ გაქვს ასეთი ურთიერთობა და გაცილებით უფრო ძლიერ პოზიციებზე გავალთ, შემდგომ წლებში იმიტომ, რომ თავად ამ სტრატეგიული პარტნიორობის მიღწევაც მნიშვნელოვანი იყო“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.
უახლესი