აბსურდული და ყოვლად გაუგონარი ტყუილია, რომ სანქციების ქვეშ არის ჩემი პარტნიორი, ან რამე საქმეა მის წინააღმდეგ აღძრული, - ამის შესახებ Business Insuder Georgia - ს სს “ჰეშ ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირეველმა ვიცე-პრეზიდენტმა ლაშა პაპაშვილმა ციფრული ბანკისთვის ლიცენზიის დარღვევებით გაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადა.
14 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ეროვნულმა ბანკმა სს “ჰეშ ბანკს” ციფრული ბანკის ლიცენზია მიანიჭა.
რეესტრის მონაცემების თანახმად, ლაშა პაპაშვილის პარტნიორია უკრაინის მოქალაქე ვოლოდიმირ ნოსოვი, რომლის წილიც ( 103,950 აქცია), საწესდებო კაპიტალის 50%-ია. ამავდროულად, ნოსოვი კრიპტო ბირჟა WhiteBit-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.
გუშინ საქართველოს პარლამენტში გაკეთდა განცხადებები, რომ ციფრული ბირჟის წინააღმდეგ უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ მიმდინარე წინასასამართლო გამოძიება დაიწყო. კერძოდ, მთავარი ბრალდება კრიპტო ბირჟა WhiteBit-ში პრორუსი პოლიტიკოსის მხრიდან ინვესტირებას უკავშირდება.
„დღესაც გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები... აშკარა მავნებლობაა არა ლაშა პაპაშვილის, მისი ოჯახისაა და პარტნიორების, არამედ, ქართული ბიზნესის წინააღმდეგ და ამაზე ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა.
ასეთი რაღაცების ლაპარაკი დაუშვებელია. ჩემი პარტნიორი არის უკრაინელი, აქვს ათობით ჯილდო. მან უამრავი დოკუმენტაცია მომაწოდა, როცა ვუთხარი თუ რა ხდება ქვეყანაში. ვოლოდიმირ ნოსოვს მათ შორის თავდაცვის სამინისტროს ჯილდოები აქვს მიღებული, იმისთვის თუ როგორ ეწინააღმდეგება ეს ადამიანი რუსეთის აგრესიას. ის მორალურად და ფინანსურად ეხმარება ლტოლვილებს და თითქმის ყველა სამინისტროს მადლობა აქვს მიღებული. აქ კი ვიღაცა გამოდის და ამბობს რუსული ფული... ეს აბსურდია, როგორ შეიძლება ასეთი რაღაც იკადრო“, - ამბობს პაპაშვილი.
“ჰეშ ბანკის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ფინანსურმა ინსტიტუტმა ლიცენზია კანონმდებლობის სრული დაცვით მიიღო და შემდეგაც სალიცენზიო პირობების დაცვით იმოქმედებს.
„მე საბანკო სექტორში ახლა არ მოვდივარ, ვბრუნდები. 25 წლიანი გამოცდილება მაქვს ამ სფეროში. ციფრული ბანკი ახალი ტექნოლოგიებია, ამაზე არის დაფუძნებული მომავალი. მომხმარებელი ინოვაციურ პროდუქტებს მომხმარებელი დისტანციურად მიიღებს. არ მგონია ეს განცხადებები კონკურენციას უკავშირდებოდეს, ეს განცხადებები პოლიტიკური მიზნებისთვის კეთდება“, - აღნიშნავს პაპაშვილი.
უახლესი