დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Camex Airlines-ი ავიაპარკს ზრდის - კომპანია მეოთხე Boeing-ს 2025 წლის I კვარტალში დაიმატებს

Camex Airlines-ი ავიაპარკს ზრდის - კომპანია მეოთხე Boeing-ს 2025 წლის I კვარტალში დაიმატებს

19-11-2024 15:00:00

ქართული სატვირთო ავიაკომპანია Camex Airlines-ი ავიაპარკს ზრდის. ცოტახნის უკან, კომპანიას საჰაერო ფლოტი კიდევ ერთი ხომალდით შეივსო და დღეისათვის Camex Airlines-ი სამ სატვირთო Boeing-ს აერთიანებს. თუმცა, ავიაკომპანია გაჩერებას არ აპირებს და როგორც Business Insider Georgia-სთან Camex Airlines-ის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ განაცხადა, 2025 წლის პირველ კვარტალში კიდევ ერთ Boeing-ს დაიმატებს. 

„Camex Airlines-ი წინასწარ გაწერილ გეგმას მიყვება და უკვე დავიმატეთ ახალი სატვირთო ბორტი. საუბარი მაქვს Boeing 767-300-ზე და 2025 წლის პირველ კვარტალში ველოდებით ასევე იგივე მოდელის თვითმფრინავის მიღებას. ამით კი საქართველოში ჩვენი ავიაპარკი 4 ბორტს გაერთიანებს. Boeing 767-300, რომელიც ახლა მივიღეთ 30 წლის საჰაერო ხომალდია და მისით ადრე NORTH AMERICAN CARGO ოპერირებდა.

სამივე ბორტით ოპერირებას უკვე უახლოეს დღეებში დავიწყებთ. ყველაფერი მზად გვაქვს და აღნიშნული ხომალდიც ჩინეთი-ევროპის მიმართულებით შეასრულებს ფრენებს, შუალედური დაშვება საქართველოში“, - აცხადებს გიორგი სეთურიძე.

Camex Airlines-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ავიაკომპანია დღეისათვის აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის კვირაში 4 რეგულარული რეისით ოპერირებს.

„რეგულარული რეისები დაწყებული გაქვს ურუმჩი-თბილისი-ბუდაპეშტი და პირიქით. კვირაში 4 სიხშირე გაქვს და მომავალი კვირიდან 6-მდე გავზრდით და საბოლოოდ, ეტაპობრივად 12-16 სიხშირემდე ავალთ“, - აცხადებს ავიაკომპანიის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება 2025 წლის დაზუსტებულ გეგმებს, ავიაკომპანია განვითარებაზე და გაფართოებაზე ინტენსიურად მუშაობს, თუმცა მყარი კონტრაქტი სატვირთო თვითმფრინავის დამატებაზე, რომელსაც კომპანია 2025 წელს მიიღებს მხოლოდ ერთ საჰაერო ხომალდზეა. 

„ყველა კომპანია განვითარებას გეგმავს და ჩვენც გვაქვს გარკვეული გეგმები, თუმცა მყარი გადაწყვეტილება ბორტების დამატებაზე ამ ეტაპზე არ არის“, - ამბობს სეთურიძე.

ირკვევა, რომ საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე თავისუფალი ბორტების მოძიება ისევ პრობლემატურია. 

„თავისუფალი ბორტების მოძიება საკმაოდ რთულია. ამას საკმაოდ ბევრი ფაქტორი განაპირობებს. დეფიციტია კონკრეტულ ტიპებზე, საუბარი მაქვს 30 ტონა და ზემოთ ტვირთამწეობის თვითმფრინავებზე. მცირე, 20 ტონამდე ტვირთამწეობის თვითმფრინავებზე მოთხოვნა დიდი არ არის და ამ სეგმენტში თავისუფალი ბორტები ბაზარზე შეიმჩნევა. თუმცა შორმაგისტრალური თვითმფრინავები, როგორიც არის Boeing 767, Boeing 747, Boeing 777 და Airbus A333 მოთხოვნა მაღალია“, - ამბობს სეთურიძე.

რაც შეეხება საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარს, როგორც Camex Airlines-ის ხელმძღვანელი აცხადებს ზრდა სახეზეა. 

„საქართველოში შემოსული საჰაერო ტვირთის მოცულობა გაზრდილია, საუბარი მაქვს როგორც კომერციულ, ისე საფოსტო ტვირთებზე. დღეისათვის საქართველოში, თუ არ მეშლება, 15 სატვირთო ბორტია დარეგისტრირებული, საუბარი მაქვს როგორც მცირე ზომის, პატარა ტვირთამწეობის თვითმფრინავებზე, ისე დიდი, 100 ტონამდე ტვირთამწეობის თვითმფრინავებზე. ჩვენი ქართული ფლოტი მთლიანად საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვებს ემსახურება და საქართველოში შემოსული ტვირთები შედარებით ცოტაა. ჩვენც და კიდევ ორი ქართული სატვირთო კომპანია, ჩინეთიდან საქართველოში ძირითადად საფოსტო გზავნილების შემოტანაზე ვმუშაობთ, მაგრამ იმ მოცულობასთან, რაც ჩვენ აღმოსავლეთ-დასავლეთ მიმართულებით გადაგვაქვს ეს მაჩვენებელი ძალიან მცირეა.

საქართველოში თუ წელიწადში, კოვიდამდე, 19-22 ტონა ტვირთი შემოდიოდა, შემდგომ ამ მონაცემებმა დაიკოო, თუმცა ახლა უკვე უბრუნდება ძველ ნიშნულს. თუმცა ამავე დროს ნუ დავივიწყებთ, რომ საკმაოდ ხელსაყრელი საავტომობილო და საზღვაო პირობებია მოწოდების და შესაბამისად კონკურენციაც არის“, - ამბობს სეთურიძე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები