დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Business Insider Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ კომუნიკაციების კომისიის წევრ ეკატერინე იმედაძესთან

Business Insider Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ კომუნიკაციების კომისიის წევრ ეკატერინე იმედაძესთან

19-02-2024 12:11:00

 

მობილური და ფიქსირებული მომსახურებები საქართველოში, ფასები, ხარისხი, მოხმარება, საქართველოს ტელეკომ ბაზარი და ბაზრის გახსნა, ევროკავშირი და საერთაშორისო პრაქტიკა, ამ და სხვა საკითხებზე „სხვა ინტერვიუს“ ფორმატში Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა კომუნიკაციების კომისიის წევრთან, ეკატერინე იმედაძესთან ისაუბრა.

მინდა ვისაუბროთ საკითხზე, რომელიც საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს შეეხება. ეს არის ინტერნეტი, რაც რამდენიმე მდგენელით იზომება, მათ შორისაა ფასის კომპონენტი. შესაძლოა, ხელმისაწვდომობას სწორედ ეს კომპონენტი აფერხებდეს. როცა ხელმისაწვდომობაზე ვლაპარაკობთ, მობილური ინტერნეტი არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. რომ გავაკეთოთ შედარება, როგორია მობილური ინტერნეტის ფასები საქართველოსა და უცხოეთში როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირების შემთხვევაში?

მადლობა, რომ გვაქვს საშუალება Business Insider Georgia-ს კონცეფციის ფარგლებში ვისაუბროთ ამ საკითხზე, რადგან ეს ყველას გვეხება. საქართველოში მობილური ინტერნეტის მომსახურება, შეღწევადობა არის 170%, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ერთზე მეტი სააბონენტო ნომერი აქვთ რაც ნიშნავს, რომ ძალიან მაღალი მოხმარებით ხასიათდება.

მობილურ ინტერნეტს საშუალოდ ერთი მოქალაქე 12 გიგაბაიტზე მეტს მოიხმარს. ძალიან გაზრდილია მობილური ინტერნეტის მოხმარება და შესაბამისად, ის კვლევა რაც კომუნიკაციების კომისიამ ჩაატარა, იმ ფართო და საზედამხედველო ფუნქციების ფარგლებში, რაც ზოგადად არის დარგზე ზედამხედველობა, კონკურენციის ხელშეწყობა, ბაზრის გახსნა. ასევე სამომხმარებლო ნაწილში არის, რომ დაცული იყვნენ ჩვენი აბონენტები, მომხმარებლების უფლებები იყოს დაცული, ამას ემსახურებოდა ის კვლევა, რომელიც თქვენ ახსენეთ ბენჩმარკინგით, რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეული კონცეფცია უკვე გამზადებულია და გამოცდილმა კომპანიამ ჩაატარა, „სტრატეჯი ანალიტიკსმა“, რომელიც სამომხმარებლო კალათების პრინციპით იკვლევს ფასებს. რადგან დარგი ტელეკომი არის ძალიან დინამიკური და წლიდან-წლამდე იცვლება მომხმარებლის პროფილი, რა უნდა მოიხმაროს, კალათების პრინციპით ამოწმებს რომელ კალათაზე როგორია ფასები და შეთავაზება და ფასი კომბინაციაში და არა განყენებულად ფასი.

განყენებულად ფასმა შესაძლოა სხვა მოცემულობა მოგვცეს?

მობილურში მაგალითად, განყენებულად ფასი დაბალი მოცულობის პაკეტებზე, (თუ ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში ინტერნეტის მოხმარება საშუალოდ 12 გიგაბაიტია) ერთ ან ორ გიგაბაიტზე ფასი ევროპის ქვეყნებთან შედარებით არის დაბალი ან იგივე, ხოლო როდესაც ჩვენ გადავდივართ შედარებით მაღალ მოხმარებაზე 5 ან 10 გიგაბაიტ ინტერნეტზე და ამას ემატება სასაუბრო დრო, იმიტომ რომ ინტერნეტთან ერთად მომხმარებელს აუცილებლად სჭირდება მობილური კომუნიკაცია, ჯერ კიდევ მიბმულია სასაუბრო კომპონენტზე. ანუ 5 გიგაბაიტ ინტერნეტი ზარებთან ერთად, 10 გიგაბაიტი ინტერნეტი ზარებთან ერთად და 20 გიგაბაიტი ინტერნეტი ულიმიტო ზარებთან ერთად, აქ სხვაობები არის ძალიან დიდი.

კერძოდ, რაც უფრო დიდია მოხმარება, უფრო დიდია ფასთა შორის სხვაობა და სიძვირე. რაც მთავარია შედარება მოხდა ევროკავშირის 22 ქვეყანასთან და დაემატა დიდი ბრიტანეთი. ეს არის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია Oisidi- ში შემავალი ქვეყნები. საქართველოც ამ ორგანიზაციის წევრია და ამ ქვეყნების შესწავლა მოხდა. 5-დან 20 გიგაბაიტ ინტერნეტზე რომ ავდივართ, უკვე 36%-ით უფრო ძვირია საქართველოში, თან აღებული იყო არსებულ შეთავაზებებში ყველაზე იაფი. თუმცა მაინც იმეორებს ერთმანეთს შეთავაზებები. ასევე, ალბათ მნიშვნელოვანია ვთქვათ, თუ რა პრინციპით ხდება შერჩევა, თუ რომელი პროვაიდერის ფასები განიხილეს, ამას ასევე ადგენს მეთოდოლოგია და უნდა იყოს აღებული ყველაზე დიდი ზომის მიმწოდებლებიდან, რომელიც 70%-ს ქმნის ბაზარზე. ამ კვლევაში მოხვდა ორი კომპანია, რომლებიც ერთობლივად 70%-ზე მეტსაც ფლობენ. მესამე ოპერატორი ვერ მოხვდა კვლევაში, რადგან მათ არ აქვთ შეთავაზებების იმხელა წილი, ანუ გავლენას ვერ ახდენენ ფასზე.

რომ დავკონკრეტდეთ ფიზიკური და იურიდიული პირების ნაწილში, აქ რა ვითარებაა?

იურიდიული პირების ნაწილში ფასებში სხვაობა ცოტა უკეთესია. აქ 10 გიგაბაიტი ინტერნეტი და სასაუბრო დროის შემთხვევაში სადღაც 1% არის სხვაობა ფასში, თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, როგორც ჩვენმა საკონსულტაციო კომპანიამ აღნიშნა, თუ 12 გიგაბაიტს მოიხმარს ფიზიკური პირი საქართველოში, 10 გიგაბაიტი ინტერნეტი საერთოდ ვერ აკმაყოფილებს ორგანიზაციის მოთხოვნებს, ეს გაცილებით უფრო დიდი უნდა იყოს და შესაბამისად იქ შეთავაზებები უკვე არ არის დიდი მოცულობის და ეს არის შემზღუდველი. 20 გიგაბაიტი ინტერნეტის შემთხვევაშიც არის ანალოგიური ფასთა სხვაობა 35-36%. თუმცა ორგანიზაციისთვის ეს მოცულობაც არ არის საკმარისი, იმავეს იმეორებს კონსულტანტი. იურიდიული პირის შემთხვევაში ოპერატორების მხრიდან უფრო დიდი მოცულობები არ არის შეთავაზებული. ან არის ინდივიდუალური შეთავაზება, რომელიც სტანდარტულში არ ჯდება. ეს შემზღუდველი ფაქტორია იმისთვის, რომ ბიზნესმა თავისი სერვისები დააშენოს ამ მობილურ მომსახურებაზე და მობილური აპლიკაციები გამოიყენოს თამამად, რაც უკვე ინტერნეტის დიდ მოცულობას მოითხოვს. როგორც წესია, რაც უფრო დიდია ორგანიზაცია, მით უფრო მეტად სჭირდებათ ეს სერვისი. ბევრს ვსაუბრობთ, რომ ციფრული ეკონომიკა უნდა განვითარდეს, მობილური აპლიკაციების გამოყენება უნდა დავიწყოთ, თუნდაც იგივე ვებ აპლიკაციების. ვიცით, რომ ყველაზე მოქნილია მობილური მომსახურება. თუ მცირე და საშუალო მეწარმე ხარ, შენს ბიზნესს აბამ და უკვე გაციფრულება გინდა, ყველაზე მოქნილი სერვისი მაინც მობილურით გაქვს. მაგრამ პირველ რიგში გჭირდება ხარისხიანი ინტერნეტი და ისეთი მოცულობა, რომელიც არ დააწვება ბიზნესს და არ შეზღუდავს იმაში, რომ თამამად განავითაროს და გააციფრულოს მომსახურება.

რა განსხვავებაა ჩვენთან და ევროპაში იურიდიულ პირებთან დაკავშირებით ინტერნეტთან წვდომა? სად უფრო ხელმისაწვდომია?

საქართველოში, 20 გიგაბაიტი ინტერნეტი რომ ავიღოთ ევროპასთან შედარებით 35-36%-ით ძვირია.

ამ კუთხით თქვენ გაქვთ დაწყებული ბაზრების კვლევა, რა საკითხები გამოიკვეთა?

კონკრეტულად ამ ფასების კვლევის კომპონენტი, ერთია რომ მომხმარებლის ნაწილში უნდა შევაფასოთ რამდენად არის არჩევანი, შეთავაზებები და ხელმისაწვდომობა, მაგრამ ასევე ფასების კვლევა არის იმ დიდი ამოცანის ნაწილი, რომელიც თქვენც ბრძანეთ. ეს არის სატელეკომუნიკაციო ბაზრების კომპლექსური კვლევა, რაც მოიცავს როგორც მობილურ მომსახურებებს, ასევე ფიქსირებულს, ფართოზოლოვანს ან სახლის ინტერნეტს. ჩვენ თუ ფასებს ვიკვლევთ, სამომხმარებლო ნაწილში ვამოწმებთ როგორია შეთავაზებები, კონკურენტულია თუ არა და კომპლექსურ კვლევაში ასევე მნიშვნელოვანია ოპერატორების ნაწილი. კერძოდ რამდენი ოპერატორი გვყავს და რამდენად დიდია მათი გავლენა ბაზარზე. კონკურენციის პირველი ინდიკატორია, რომ ბევრი შეთავაზება იყოს და არსებობდეს შეჯიბრის პრინციპი უკეთესს ფასზე და უკეთეს არჩევანზე. აქ ვიკვლევთ პირველ რიგში ოპერატორების, მიმწოდებლების ნაწილს. კერძოდ, როგორია ძალაუფლება დიდი ოპერატორების და როგორია შესაძლებლობები მცირე ოპერატორების. არსებობს თუ არა ბარიერები, რომ საშუალო და მცირე ოპერატორებმა შეძლონ კონკურენტული შეთავაზებების შექმნა. რა არის ხელშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორები ბაზარზე. მთავარია, რომ კონკურენტული იყოს შეთავაზებების ნაწილი და ამისთვის საჭიროა, რომ საკმარისი და მრავალფეროვანი მოთამაშე იყოს მიწოდების ნაწილში და ბაზარზე შესვლა, ინფრასტრუქტურაზე დაშვება არ წარმოადგენდეს პრობლემას.

ამ ნაწილსაც ვიკვლევთ. მობილური ვირტუალური ოპერატორის დაშვებასთან დაკავშირებით კომისიას გადაწყვეტილებაც აქვს მიღებული, რომ ეს საჭიროება არსებობს და კომპლექსური კვლევის ფარგლებში კიდევ ერთხელ დავუბრუნდით ამ ნაწილს, რომ რა იყო ხელშემშლელი ნაწილი და რატომ ვერ გაჩნდნენ ალტერნატიული ოპერატორები, რომელთაც ყველაზე სწორად შემოაქვთ სერვისი და ასეთი ოპერატორები მუშაობენ იურიდიული პირებისთვის შეთავაზებების შექმნაზე. ერთ-ერთი ნიშა არსებობს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს, მათზე მორგებული შეთავაზებები ჰქონდეთ და გააძლიერონ კონკურენცია იურიდიული პირების ნაწილში. უკვე ბენჩმარკინგმაც აჩვენა, რომ ეს დარგს სჭირდება.

როდის გვექნება პირველადი შედეგები თქვენი მოკვლევიდან გამომდინარე?

კვლევა 2022 წლის მესამე კვარტალში დავიწყეთ, ძალიან მოცულობითი იყო, რადგან ყველა მომსახურება გვინდოდა გვენახა და ვფიქრობთ, რომ ამ წლის მეორე კვარტალში შედეგები უკვე გექნება. უკვე ვიტყვით, რა ძალაუფლებას ფლობენ ოპერატორები, არის თუ არა შეზღუდული ბაზარზე დაშვება, შესვლა როგორც მობილური, ისე ფიქსირებული მომსახურების ბაზარზე. რა ხელშემწყობი მექანიზმები უნდა შემოვიღოთ. ეს იქნება დაშვების პირობა, გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული, სამართლიანი, მათ შორის ტარიფი და ამან უნდა უზრუნველყოს საცალო სეგმენტში კონკურენციის გაძლიერება და იმ სურათის გაუმჯობესება რაც ჩვენ დაგვხვდა.

განაპირობა თუ არა კვლევის ჩატარების აუცილებლობა კითხვის ნიშნებმა, თუ უბრალოდ იმიტომ ჩაატარეთ კვლევა, რომ ეს აქამდე არ მომხდარა?

კვლევას შეძლებისდაგვარად ვატარებთ ყოველ წელს. მაგალითად ბენჩმარკინგსაც, რადგან ეს საინტერესო კომპონენტია კომისიისთვის შეთავაზებების კუთხით. დარგი დინამიკურია და სამომხმარებლო კალათი ტელეკომ მომსახურებებზე იცვლება და ბენჩმარკინგს ვატარებთ ყოველ წელს. კომპლექსური კვლევის ფარგლებში განსაკუთრებით ჩაღრმავებული კვლევა გავაკეთეთ, მათ შორის იურიდიული პირების ნაწილში რომ კარგად გვენახა, რა გამოწვევებია და დიდი დრო დაუთმეთ ამ ბენჩმარკინგის ნაწილსაც, რათა ზუსტად გვენახა და დაგვეკავშირებინა კომპლექსურ კვლევასთან მიღებული შედეგები.

რადგან ევროპის ფასებთან ასეთი სხვაობაა, ბუნებრივია პირველი კითხვა ჩნდება, განსაკუთრებით ინტერნეტის ნაწილში, რატომ არის საქართველოში ინტერნეტი ძვირი და რა არის ამის მიზეზი და გამომწვევი ფაქტორები?

კომპლექსური კვლევა შედეგებს სრულყოფილად აჩვენებს. პირველი ამოცანა სადაც უნდა ჩავიხედოთ, კომისიის გამოწვევებიდან გამომდინარე, ეს არის არსებობს თუ არა კონკურენცია? არსებობს თუ არა საკმარისი შეთავაზება? არა მხოლოდ მობილური ოპერატორების, არამედ ფიქსირებულის შემთხვევაშიც. ფიქსირებულის ნაწილში გამოწვევები ბევრად უფრო დიდია და როდესაც ვსაუბრობთ იგივე განათლების მიღებაზე, პროფესიულ განვითარებასა და ასე შემდეგ, ე.წ. სახლის ანუ ფართოზოლოვანი ინტერნეტის ფასები ძალიან მნიშვნელოვანია და აქ ბევრად დიდია ჩამორჩენა. ზოგადად ქვეყნის განვითარების ინდექსს როცა უყურებენ, ფართოზოლოვანი ინტერნეტის ღირებულებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამ შემთხვევაში, როდესაც იგივე სურათი მეორდება იმ თვალსაზრისი, რომ სიჩქარე 25 მგბ/წ არის ყველზე გავრცელებული, ამ შემთხვევაში ახლოს ვართ ევროპის ფასებთან. თუმცა ევროკავშირში 100 მგბ/წ არის ის მოთხოვნა, რომელიც მიეწოდება სახლის ინტერნეტის შემთხვევაში და მოსახლეობის 55%-ზე მეტი იყენებს ამ მოცულობის პაკეტს. 100 მგბ/წ-იანი ინტერნეტი საქართველოში არის 2,4-ჯერ ძვირი. 136%-ია, რაც არის ფასში ძალიან დიდი სხვაობა. ეს ფასები დათვლილია მსყიდველობით უნარის პარიტეტით, ანუ ჩვენი მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი დათვლილია და ეს დიდი შემაფერხებელი ფაქტორია. იმიტომ რომ 25 მგბ/წ არ არის ის შეთავაზება, რამაც შესაძლოა, დააკმაყოფილოს ფიზიკური პირის მოთხოვნაც კი. უფრო რთულადაა მდგომარეობა იურიდიული პირებისთვის. ამ შემთხვევაში თუ ტექნოლოგიურ კომპანიებზე ვსაუბრობთ, ჩვენთან 10 მეგაბიტიანია სტანდარტული შეთავაზება, რაც ევროპასთან შედარებით 3-ჯერ ძვირია და 189%-ით მაღალია ფასი.

არადა IT სფეროს განვითარება გვინდა...

ეს არის შემაფერხებელი ფაქტორი და ჩვენი საკონსულტაციო კომპანიის დასკვნაც ეს იყო რომ ამ პატარა მოცულობებში დატოვება აჩვენებს იმას, რომ ვერ ვითარდება ციფრულ ნაწილში მოთხოვნა და თამამად ვერ ცვლი შენს ბიზნესმოდელს და მეორე ისაა, როგორც კი ბიზნესს უჩნდება შესაძლებლობა, უნდა გადაიხადოს პრემიუმ ფასი, რომელიც რეალურად უსამართლოა.

კომპლექსური კვლევის დასრულებამდეც კი თვალსაჩინოდ ჩანს პრობლემები... მოსალოდნელია, რომ კომპლექსურმა კვლევამ გაამყაროს ის პრობლემები, რაც უკვე გამოიკვეთა. თუმცა აქ მთავარი კითხვაა, რაშია გამოსავალი? რას უნდა ველოდოთ კომუნიკაციების კომისიისგან?

ომპლექსურ კვლევას უკვე ჰქონდა ეტაპები, მათ შორის იყო გამოწვევების შეფასება, ჩვენ ასევე გავითვალისწინებთ საფასო ნაწილს კიდევ ერთხელ. თუმცა მთავარი ხედვა კომისიის რაც იყო და რაც ვახსენე, ეს იყო ბაზრის გახსნა, როგორც ალტერნატიული მოთამაშეების გაჩენა, ასევე ფართოზოლოვან ინტერნეტში გვყავს 100-ზე მეტი მიმწოდებელი, რომლებიც მთლიანი ბაზრის 20%-ზე ნაკლებს შეადგენენ. ასეთი ოპერატორებისთვის იმ შესაძლებლობების გაძლიერება, წახალისება, რომ მათ გავლენა იქონიონ ფასებზე და კონკურენტული გახადონ, გაზარდონ შეთავაზებული მოცულობები. ახლახან გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციასთან და მათთანაც ვისაუბრეთ ამაზე, რომ კომისიის ხედვა ისაა, რომ სწორედ ბიზნესმა განავითაროს ბაზარი და გააჯანსაღოს კონკურენცია. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ იმ მოთამაშეებს, რომელთაც ბარიერები აქვთ იმისთვის, რომ შექმნან უფრო დიდი მოცულობები, ხარისხიანი ინტერნეტი მიაწოდონ მომხმარებელს და გაზარდონ წილი კონკურენტული ფასით მიწოდებული ინტერნეტის. ფიქსირებული ბაზრის ნაწილშიც ხედვა იგივე იქნება.

ეს ეტაპები დასრულებულია კომპლექსური კვლევის, რომ უნდა გაჩნდეს დაშვების სამართლიანი, არადისკრიმინაციული პირობები, რაც ნიშნავს, რომ ფიქსირებული, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა ძალიან კაპიტალტევადია, როგორც მობილური ინფრასტრუქტურა და ევროპაში 20 წელზე მეტი მობილური ინტერნეტის შემთხვევაში არსებობს ვირტუალური დაშვების პრინციპი. მაგალითად ჩეხეთში, რეგულირების ჩარჩო არსებობდა და 100-ზე მეტი მობილური ვირტუალური ოპერატორია. ასე ცდილობს იქ მარეგულირებელი, რომ წაახალისოს კონკურენცია მობილურ ბაზარზე. ისინი იკავებენ სხვადასხვა ნიშას, რომ მომხმარებელს მათ გემოვნებაზე მორგებული შეთავაზებები გაუკეთონ, მათ შორის იურიდიულ პირებს. ფიქსირებულშიც არსებობს ანალოგიური პრინციპი, აქაც ინფრასტრუქტურა კაპიტალტევადია და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ინფრასტრუქტურაზე დაშვება მოხდეს.

კერძოდ, ინფრასტრუქტურის მფლობელ დიდ ოპერატორს გაუჩნდება შემოსავლის დამატებითი წყარო, რადგან გააქირავებს ფასის სანაცვლოდ ინფრასტრუქტურას, ხოლო მცირე და საშუალო ოპერატორს გაუჩნდება შესაძლებლობა, რომ სადაც არ არის მისული, იქ კონკურენტული შეთავაზება შექმნას.

და არსებული ინფრასტრუქტურით ისარგებლოს დამატებითი ხარჯების გარეშე...

ეს საფეხურებრივად ავითარებს დარგს, მეორეს მხრივ ამას ჰქვია საბითუმო მოდელი და მეორეს მხრივ ინფრასტრუქტურის გაქირავებით დამატებით შედის შემოსავლები, რომ ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდეს, გამტარობა გაიზარდოს და მეორეს მხრივ სერვისულ ნაწილში გადადის კონკურენცია... ვინც ქირაობს ინფრასტრუქტურას, ის უკვე მომსახურების ნაწილში ცდილობს, რომ უკეთესი შეთავაზებები შექმნას მომხმარებლისთვის. ეს არის საფეხურებრივი, წარმატებული, აპრობირებული მოდელი და ჩვენი ხედვაც ეს იქნება, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება ეს პრინციპები და მორგებული იქნება ჩვენს ბაზარზე იმისთვის რომ ნამდვილად ქმედითი იყოს და მალე მიიტანოს შედეგი რიგით მომხმარებელთან.

მთავარი გამოსავალი ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნაა.

ბაზრის გახსნა, კონკურენციის გაძლიერება და ამ გზით უკვე მომხმარებლების ინტერესების დაცვა ხარისხიან მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები