„ბოსტნის“ ნატურალური ქათმის ხორცის ყიდვა მომხმარებლებს უკვე ,,ბლაუნშტაინის“ ქსელშიც შეუძლიათ.
როგორც ბიომეურნეობა ,,ბოსტნის“ დამფუძნებელი ბექა ბარჯაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, რამდენიმე კომპანიასთან თანამშრომლობენ, ერთ-ერთი ,,ბლაუნშტაინია“, სადაც ხორცის მომხმარებლებს „ბოსტნის“ პროდუქტის შეძენა შეუძლიათ.
„ყოველთვის ვეძებთ ხარისხთან ორიენტირებულ კომპანიებს, რომლებთან ვაპირებთ თანამშრომლობას, ერთ-ერთი ,,ბლაუნშტაინია“ - 100% -ით ნატურალური და ხარისხიან წარმოებაზე ორიენტირებული საწარმო.
ჩვენი პროდუქციიდან ამ მაღაზიაში ჯერჯერობით მხოლოდ ქათმის ხორცი იყიდება. ეს არის მეხორცული ჯიშის ნატურალური ქათამი, რომელსაც 30 დღემდე ვკვებავთ თანამედროვე ევროპული სტანდარტის ქართული წარმოების საკვებით. 1 თვის შემდეგ კი კვებაში ერთვება სიმინდი და ჩვენივე ბიო ბოსტნეულის ფოთლები, რაც ასევე ბიოპროდუქტებია.
ქათმის ხორცის წარმოებას ვიწყებთ მხოლოდ 70-80 დღის შემდეგ, როდესაც ზრდა დასრულებულია, კუნთოვანი სტრუქტურა სრულად ჩამოყალიბებულია და შესაბამისად არის სასარგებლო და გემრიელი ნატურალური პროდუქტი“, - ამბობს ბექა ბარჯაძე Business Insider Georgia- თან.
რაც შეეხება ფასს, ბიომეწარმის თქმით, ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით „ბოსტანის“ პროდუქცია ძვირია, ვინაიდან ბიოპროდუქტის თვითღირებულება 2-ჯერ მეტია.
ბარჯაძე ასევე დასძენს, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, მომხმარებლის სოციალური მდგომარეობა გაითვალისწინონ და პროდუქტი ხელმისაწვდომი იყოს.
მისივე ინფორმაციით, მომხმარებლის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ქათმის ხორცს სამომავლოდ შეიძლება კვერცხის ხაზის დაემატოს, თუმცა ამ სიახლისთვის ამ ეტაპზე ,,ბოსტანი“ მზად არ არის.
წარმოების დაწყებიდან 3 წლის შემდეგ, ივნისში კომპანია CAUCASCERT-ის ბიოსერტიფიკატს მიიღებს.
უახლესი