წარმოების დაწყებიდან 3 წლის შემდეგ ბიოპროდუქტების მწარმოებელ კომპანია ბოსტანი/Bostani ბიოსერტიფიკატს მიიღებს.
როგორც ბიო „ბოსტნის" დამფუძნებელი ბექა ბარჯაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, კომპანიამ სერტიფიკატის მოსაპოვებლად საკმაოდ რთული გზა გაიარა და დაახლოებით 2 კვირაში ,,ბოსტანი" CAUCASCERT-ის ბიოსერტიფიცირებაზე გადავა.
რაც შეეხება წლევანდელ მოსავალს, სიახლეა ბიო საზამთრო და ბიო ნესვი, რომელიც გაყიდვაში მალე ჩაეშვება.
წლევანდელ სეზონზე გამოირჩევა ასევე ,,ბოსტნის" მაღალი ხარისხის სხვადასხვა ბოსტნეული - ბროკოლი, სტაფილო, ფრანგული ლობიო, რუკოლა, ჭარხალი, ისპანახი და სხვა, რომლებიც 100%-ით ნატურალური პროდუქტებია.
„ძალიან მალე ბიოსერტიფიკატს ავიღებთ, რაშიც დიდი შრომა ჩავდეთ. გარდა იმისა, რომ ჩვენი პროდუქტის რეალიზაციას პარტნიორი აგრარული მაღაზიებიდან ვახდენთ, მზარდია მოთხოვნა სოციალურ ქსელშიც, რომელზეც გაყიდვების დიდი ნაწილი მოდის.
სამი წელია, რაც ბაზარზე ვართ და ხარისხიანი პროდუქტის წარმოებით მომხმარებლის ნდობა მოვიპოვეთ. წარმოების დაწყებიდან პირველ წელს მივიღეთ გარდამავალი სერტიფიკატი.
ზოგადად, ბიო წარმოებაზე გადასვლა რთული პროცესია და გარკვეულ ხარჯს უკავშირდება. სერტიფიცირებული სათესლე მასალა შემოვიტანეთ, რაც ძალიან დაგვეხმარა. ივნისში უკვე სერტიფიცირებული ბიო სასათბურე მეურნეობის სტატუსს ოფიციალურად მივიღებთ", - აცხადებს ბექა ბარჯაძე.
მისივე ინფორმაციით, ბიოპროდუქტი მაღალი თვითღირებულებით გამოირჩევა, რის გამოც ჩვეულებრივ პროდუქტთან შედარებით ძვირია, თუმცა „ბოსტანი“ მაქსიმალურად ცდილობს, რომ პროდუქტი ქართველი მომხმარებლისთვის მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი იყოს.
ცნობისთვის, ,,ბოსტანი" პირველი ბიო სასათბურე მეურნეობაა საქართველოში, რომელიც 2021 წლიდან აწარმოებს ბიო ბოსტნეულს, ნატურალურ ქათმის ხორცსა და კვერცხს.
„ბოსტანი“ გამოირჩევა ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით, რადგან მეურნეობაში არ ხდება ქიმიური პრეპარატებისა და სინთეზური სასუქების გამოყენება.
2022 წელს „ბოსტანმა“ 4-5 ტონა ბიოპროდუქტი მიიღო. კომპანია მუდმივად 4 ადამიანს ასაქმებს.
უახლესი