საქართველოს მთავრობა, ბოლო წლების განმავლობაში, კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს - ეს არის ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორის საინვესტიციო ფონდების შესახებ რეფორმა, რომელზეც მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად მჭიდროდ თანამშრომლობდა და ოთხი წლის თავზე პირველი საინვესტიციო ფონდის დაფუძნება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოში პირველი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდი“ ლიცენზირებული აქტივების მმართველმა კომპანია შპს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპმა“ დააფუძნა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ეს ახალი ტიპის ფინანსური პროდუქტია, რომელიც საზოგადოებისა და ბიზნესსექტორისათვის ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტების სპექტრს კიდევ უფრო აფართოებს. „ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდში“ თანხების განთავსებით, ინვესტორს შეუძლია საკუთარი ფულადი რესურსებით დამატებითი შემოსავალი მიიღოს. ფონდში მინიმალური შენატანი 100 ლარია, ხოლო სარგებელი ყოველდღიურ ნაშთზე ირიცხება.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ალტერნატიული, საინვესტიციო ინსტრუმენტები უჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდა კვალიფიციური ინვესტორებისა, რომლებსაც კონკრეტული გამოცდილება გააჩნიათ ინვესტიციების კუთხით, რიგით მოქალაქეებს, კომპანიებს, ნებისმიერ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, თავისი დანაზოგი მიმართოს საინვესტიციო ფონდში და მიიღონ მაქსიმალური სარგებელი. ეს არის ახალი, ალტერნატიული ინსტრუმენტი, რომელიც მოსახლეობას დააინტერესებს - რაც მთავარია, ეს არის ავტორიზებული ფონდი, რაც ნიშნავს, რომ არის ეროვნული ბანკის რეგულაციების ქვეშ და მისი სანდოობა თუ საიმედოობა იქნება ძალიან მაღალი“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის შეფასებით, ქვეყანა განვითარების ამ ეტაპზე საჭიროებს უფრო მეტ ფინანსურ ინსტრუმენტს, რაზეც ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. მისი თქმით, ეკონომიკის განვითარებაში წლების განმავლობაში დიდი როლი ჰქონდა საკმაოდ განვითარებულ, კონკურენტუნარიან საბანკო სისტემას და მისი მნიშვნელობა მრავალი წლის განმავლობაში იქნება შენარჩუნებული, თუმცა, საჭიროა, რომ მეტი შესაძლებლობები გაჩნდეს როგორც დანაზოგების აკუმულირებისთვის, ისე ინვესტირებისთვის და მომხმარებლების დანაზოგების განთავსების ახალი ინსტრუმენტები მასობრივად შეიქმნას. შესაბამისად, მთავრობა შესაბამისი პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და საკანონმდებლო უზრუნველყოფაზე მუშაობს.
„საქართველოში გვქონდა ბევრი შემთხვევა, როდესაც ინვესტორების უფლებები არ იყო შესაბამისად დაცული, აქედან გამომდინარე, უმაღლესი სტანდარტების კანონმდებლობის ჩამოყალიბება და შესაბამისი შესაძლებლობები მაკონტროლებელ ინსტიტუტებში არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი და ზუსტად ამაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, რომ ბოლო წლებში სტაბილურმა ეკონომიკურმა განვითარებამ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა მოიპოვა, ასევე იზრდება სანდოობა ახალი ინსტრუმენტების მიმართ და ვხედავთ, რომ ის, რაც ძალიან უცხო იყო ჩვენთვის, ყოველდღიურად უფრო და უფრო გასაგები ხდება, ამიტომ ეკონომიკის სამინისტრო ინტენსიურად მონაწილეობს ასეთ ინიციატივებში. ჩვენ მუდმივად გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში სრულყოფილი საფინანსო ინსტრუმენტები შეიქმნას, კაპიტალის ბაზარი განვითარდეს და ბუნებრივია, ხელს შევუწყობთ საინვესტიციო ფონდებს, რადგან მათი როლი ეკონომიკაში ძალიან დიდია“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უახლესი
44 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა