საქართველო აშშ-ს ავიაკომპანიებთან პირდაპირი ავიარეისების დაწყებაზე მოლაპარაკებებს ინტენსიურად აგრძელებს. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა მანამდე ქვეყანამ მოახერხა და საქართველოს ავიაბაზარზე შემოიყვანა British Airways-ი, რომელიც აშშ-ს მიმართულებით ყოველდღიურად საკმაოდ ბევრი ავიარეისი აქვს. ასევე British Airways-ს აქვს ზიარი კოდის ხელშეკრულება American Airlines-სთან.
„პირდაპირი ფრენების დაწყება აშშ-სთან ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. შესაბამისად ხაზი უნდა გავსვათ იმას, რომ British Airways-ის შემოსვლა დიდწილად ამარტივებს და აძლიერებს ჩვენს დაკავშირებადობას დიდ ბრიტანეთთან, მაგრამ ამავდროულად აძლიერეს ჩვენს დაკავშირებადობას აშშ-სთან. რატომ? ამას აქვს ორი მიზეზი. თავად British Airways-ს აქვს ზიარი კოდის თანამშრომლობა American Airlines-სთან და ზოგადად თავად ავიაკომპანია დღეში 11 სიხშირით ოპერირებს აშშ-სთან. British Airways-ის შემოსვლით საშუალოდ საქართველოდან და საქართველოში აშშ-დან მოგზაურობა მცირდება 7-დან 8 საათამდე. გარდა იმისა, რომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ფასიც გაიაფდება. მეორეს მხრივ მგზავრებს შეუძლიათ American Airlines-ის საიტზე უკვე ნახონ ნიუ იორკი თბილისის ავიაბილეთები.
ჩვენ ამ ორი ავიაკომპანიის თანამშრომლობის ჭრილში ვაპირებთ, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და საქართველოს ცნობადობა საერთო კამპანიების საშუალებით გავზარდოთ. ეს არის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ დავუახლოვდეთ მთავარ მიზანს, რომ გვქონდეს პირდაპირი ფრენები ამერიკასთან. დარწმუნებულები ვართ, რომ British Airways-ის შემოსვლა აშშ-დან საქართველოში მგზავრთნაკადს გაზრდის, ისევე როგორც საქართველოდან ამერიკაში. ეს დაგვეხმარება ჩვენ, როგორც ხელისუფლებას კიდევ უფრო გაძლიერებული და გაზრდილი ციფრებით განვაგრძოთ ის დაწყებული მოლაპარაკებები, რომელიც დაწყებული გაქვს ამერიკულ ავიაკომპანიებთან“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ აჩვენა ის შედეგი, რაც ვერ აჩვენა ძალიან ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ.
„ჩვენ მუდმივად, ყოველ კვარტალურად სხვადასხვა პლატფორმებზე ვხვდებით ამერიკულ ავიაკომპანიებს, რათა მოლაპარაკებების პროცესი გვქონდეს მიმდინარე რეჟიმში. ავიაცია არის საკმაოდ კომპლექსური ინდუსტრია.ავიაკომპანიას სჭირდება დაგეგმარება, სჭირდება ჰქონდეს საჭირო ხომალდების რაოდენობა, შესაბამისად ააწყოს კომერციული და საოპერაციო მხარე. მხოლოდ ქვეყნის სურვილებზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ საქართველომ შეძლო ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში აჩვენა ის შედეგი, რაც ვერ აჩვენა ძალიან ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ. დღეს შეიძლება ითქვას, რომ კვარტალში ერთხელ მინიმუმ ჩვენ გვყავს axali საერთაშორისო ბრენდული ავიაკომპანია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის, იწყებს ახალ პირდაპირ ფრენებს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაზე ისახება.
უახლესი