დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნესმა გაამართლა, ვგეგმავთ ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებას - „ნესთი“

ბიზნესმა გაამართლა, ვგეგმავთ ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებას - „ნესთი“

14-09-2024 03:15:00

აჭარაში, ბათუმიდან 9 კილომეტრის დაშორებით გასულ წელს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო.

ტურისტულ ობიექტ „ნესთ“-ის თანადამფუძნებელი  გიორგი მათითაიშვილი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ ბიზნესმა გაამართლა და სეზონზე ობიექტი დაახლოებით 18 დღის  განმავლობაში დატვირთულია.

„ნესთ“-ი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარაში მდებარეობს და ჯერჯერობით ერთ გლემფინგ კოტეჯს აერთიანებს, თუმცა გეგმაშია გაფართოება 6-7 კოტეჯამდე და კომპანიის დამფუძნებლები დაფინანსების მოძიების პროცესში არიან.

გიგი ჩაჩავამ და გიორგი მათითაიშვილმა ძალები გააერთიანეს და ასე შეიქმნა „ნესთ“-ი.

როგორც ტურისტული ობიექტის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი მათითაიშვილი Business Insider Georgia-თან აცხადებს, მიწა გიგი ჩაჩავას საკუთრება იყო, დაიწერა ბიზნეს-გეგმა და „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გიორგი მათითაიშვილის პროექტმა გაიმარჯვა და ასე მოხდა პროექტისთვის 30 ათასი ლარის გრანტის მოპოვება. თავად  გლემფინგ კოტეჯი, საიდანაც ულამაზესი ბათუმის პანორამული ხედი იშლება, თავისი ტექნიკური აღჭურვილობით მეწარმეებს 43-45 ათასი ლარის ფარგლებში დაუჯდათ.

როგორც გიორგი მათითაიშვილი ამბობს, „ნესთ“-ის სერვისზე მოთხოვნა მზარდია და სტუმრობენ როგორც საქართველოს ისე  უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„დატვირთულობა წელს 30%-ით მაღალია, ვიდრე გასულ წელს. გვაქვს შემოდგომის ჯავშნები და ვფიქრობ, სეზონი ოქტომბრის ბოლომდე აქტიური იქნება. შემდეგ ველით აქტივობას წინა საახალწლო პერიოდში. ზამთრის სეზონზე ნაკლები სტუმარი გვყავს, თუმცა თოვლიან დღეებში, გლემფინგ კოტეჯი ყოველთვის დაკავებულია“, - ამბობს გიორგი მათითაიშვილი.

გლემფინგ კოტეჯში, მოთხოვნის შემთხვევაში ღამის თევა ერთდროულად 4-ზე მეტ ადამიანს შეუძლია.

რაც შეეხება ფასებს, „ნესთ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, სააქციო ფასი  2 ადამიანზე 180 ლარია, ხოლო მაღალ სეზონზე ფასი 225-ლარიდან 250 ლარამდეა. აღნიშნულ ფასში არ შედის საუზმე, თუმცა წინასწარ შეკვეთის შემთხვევაში მასპინძლებს აღნიშნული სერვისის მიწოდებაც შეუძლიათ.

გლემფინგ კოტეჯში მოწყობილია მინი სამზარეულო, სადაც არის გაზქურა, ელექტრო ღუმელი, მაცივარი, ტოსტერი, მადუღარა, ასევე ეზოშია გრილი დამონტაჟებული. ეზოში ასევე მოწყობილია გასართობი სივრცე პუფებითა და ჰამაკით და ასევე არის კოცონის დასანთები ადგილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები