სასტუმრო Paragraph-ის ქსელში, რომელიც ერთ ობიექტს შეკვეთილში, ხოლო მეორე ობიექტს თბილისის ცენტრში ფლობს, წელს MICE ტურიზმის გააქტიურებაზე საუბრობენ.
როგორც Paragraph-ის გაყიდვების დირექტორმა თამუნა ჩხეიძემ განაცხადა, 2024 წლის იანვარ-მარტში სასტუმროებში აქტიურობაა როგორც დასვენების, ისე საქმიანი ტურიზმის მიმართულებით.
„2019 წლამდე, ვიდრე პანდემია დაიწყებოდა, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ზრდის ტრენდზე იყო. სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს ტურისტული პოტენციალისადმი საკმაოდ დიდი ინტერესი ჩანდა. დიდი ინტერესი იყო ევროპიდან და ამერიკიდანაც კი. კოვიდ-პანდემიის შემდეგ, ანუ მიმდინარე წლის დასაწყისამდე გარკვეული სიჩუმე იყო. თუმცა მიმდინარე წლის იანვრიდან საგრძნობლადაა გაზრდილი ინტერესი საქართველოსადმი. უკვე ვიღებთ მოთხოვნებს ისეთი ქვეყნებიდანაც კი, რომლებიც აქამდე არ აქტიურობდნენ. თვითონ მასშტაბი ბიზნესის გაზრდილა. დიდი ღონისძიებების დაგეგმვისთვის უკვე საქართველოს ითვალისწინებენ. საგრძნობლად გააქტიურებულია მოთხოვნა საქართველოსადმი“, – განმარტავს თამუნა ჩხეიძე.
Paragraph-ის გაყიდვების დირექტორი ამბობს, რომ MICE ტურიზმზე არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან მოთხოვნა საერთოდ არ იყო, მაგრამ ახლა უკვე ეს მიმართულებაც საკმაოდ აქტუალურია.
„მოთხოვნა გაზრდილია 40-50%-ით. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით საკმაოდ გააქტიურებულია მოთხოვნა თურქეთიდან. MICE ბიზნესის თვალსაზრისით თურქეთი აქტიური არ იყო, თუმცა უკვე საკმაოდ საინტერესო მოთხოვნები ჩანს. საკმაოდ საინტერესო რამდენიმე ღამიანი ჯგუფური ჯავშნები გვაქვს“, – ამბობს თამუნა ჩხეიძე.
მისივე განმარტებით, სასტუმროებში ჯავშნების მაგალითზე საკმაოდ გააქტიურებულია MICE ტურიზმის მიმართულება ევროპის ყველა ქვეყნიდან. მისივე თქმით, მაისში გერმანიიდან საქმიანი ტურიზმის სეგმენტში საკმაოდ დიდი ჯავშნებია.
„მე ამ ყველაფერს პოზიტიურ ტრენდად დავასახელებდი. მინდა აღვნიშნო, რომ დამატებითი პირდაპირი ფრენები, რომლებიც ამსტერდამიდან და ვენიდან შესრულდება საკმაოდ დადებითად აისახება სტუმრების რაოდენობაზე. მსგავსი პირდაპირი რეისები კი უცხოური ბაზრებზე ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას მოახდენს“, – აცხადებს თამუნა ჩხეიძე.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა