დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნესი კადრებს ითხოვს, პროფესიული განათლება პოპულარული ხდება - „სპექტრის“ ხელმძღვანელი

ბიზნესი კადრებს ითხოვს, პროფესიული განათლება პოპულარული ხდება - „სპექტრის“ ხელმძღვანელი

03-04-2023 10:30:15

საქართველოში პროფესიული განათლების ამაღლების მიმართულებით მთავრობა, დონორი ორგანიზაციები და ბიზნესი ერთობლივად მუშაობს.

როგორც კოლეჯ „სპექტრის“ ხელმძღვანელი მათე ტაკიძე Business Insider Georgia - თან ამბობს, უწყვეტად მიმდინარეობს პროფესიული კადრების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. შესაბამისად, პროფესიული განათლება უფრო პოპულარული და იმ მოთხოვნასთან მიახლოებულია, რასაც ბიზნესი და ქართული ეკონომიკა ითხოვს.

„პროფესიული გადამზადების კუთხით მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე წლების წინ იყო, მაგრამ მეტი შედეგი გვინდა. ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, ყოველწლიურად ასეულობით ახალი კადრის გადამზადება გახდა შესაძლებელი. თუმცა ბიზნესის მოთხოვნა გაცილებით მეტია. ამიტომ მუდმივად მიდის მუშაობა, ბევრი სხვადასხვა ექსპერტი და დონორი არის ჩართული, სწორი და იმედისმომცემი მიმართულებით მიდის განვითარება. პროფესიული გადამზადების სერვისებიც ბიზნესზეა მორგებული - როგორი ტიპის სპეციალისტი სჭირდებათ, რომ განათლება შედეგზე იყოს ორიენტირებული", - ამბობს მათე ტაკიძე და დასძენს, რომ პროფესიულ გადამზადებაში აქტიურად არიან ჩართული უცხოელი ექსპერტები, რომლებიც დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჩამოჰყავთ საქართველოში.

„ჩვენს სპეციალისტებს მაღალი დონის ექსპერტები ამზადებენ. პრობლემის გადაჭრას ჩვენი პარტნიორების დახმარებით ვცდილობთ. დიდ როლს ასრულებს ასევე სახელმწიფო პროექტები, რომლის მეშვეობითაც უამრავი ადამიანი გადავამზადეთ და მათი დიდი ნაწილი დასაქმდა კიდეც.

ამ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია, რომ პროფესიული განათლება უფრო პოპულარული გავხადოთ, იმ მოთხოვნასთან მიახლოებული, რასაც ბიზნესი და ქართული ეკონომიკა ითხოვს", - აცხადებს მათე ტაკიძე.

რაც შეეხება სახელმწიფოს როლს, მარტო თბილისის მერიის პროგრამის „ისწავლე და დასაქმდის" ფარგლებში 6 500 ადამიანი გადამზადდა, საიდანაც 70% დასაქმდა. პროგრამა 2018 წელს ამოქმედდა. 2023-2025 წლებში დაგეგმილია 10 ათასი მოქალაქის ჩართვა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები