ბიომეურნეობა ბოსტანი/Bostani-ის საქმიანობაში წლევანდელი სეზონი განსაკუთრებით აქტიურია. როგორც Business Insider Georgia- თან ,,ბოსტანის" დამფუძნებელი, ბიო მეწარმე ბექა ბარჯაძე ამბობს, მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რაც ზოგადად ბიოწარმოების მიმართ გაზრდილი ინტერესით არის გამოწვეული.
,,სეზონმა მოლოდინს გადააჭარბა. ახალი წელი მოდის და აქცენტია ქათმის ხორცზე, რომლის წარმოება გავზარდეთ. წინა წელთან შედარებით, 60% -მდე გაზრდილია მოთხოვნა. განსაკუთრებით ეს ეხება კვერცხის წარმოებას, რასაც ფაქტობრივად ვერ ავუდივართ. მიუხედავად იმისა, რომ წარმოება გავზარდეთ, მაინც დეფიციტია. მომავალ წელს პროდუქტის დაფასოებაზეც შეიძლება ვიფიქროთ. ცხადია, ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ და უფრო გავზრდით წარმოების მასშტაბს, რაშიც ბიოსერტიფიკატი ძალიან გვეხმარება", - ამბობს ბექა ბარჯაძე.
მისი ინფორმაციით, მოთხოვნის ზრდის მიუხედავად ,,ბოსტანის" პროდუქციის ფასები მაქსიმალურად შენარჩუნებულია.
„ფასები თითქმის ყველა პროდუქტზე შევინარჩუნეთ, დადებითი ფაქტია, რომ ბიო პროდუქტების მიმართ ინტერესი მატულობს. ბიო სერტიფიკატმა ამ მხრივ დიდი როლი ითამაშა. ყველა დარწმუნდა, რომ რეალურად ბიო პროდუქტების მწარმოებელ კომპანიას წარმოვადგენთ და მომხმარებლამდე 100%-ით ნატურალური, უვნებელი პროდუქცია მიგვაქვს", - აცხადებს ბექა ბარჯაძე.
„ბოსტანი" თანამშრომლობს რამდენიმე სავაჭრო ობიექტთან, როგორიცაა ,,ბლაუნშტაინია“, ,,აგრო მენი", soplidan.ge, ,,აგროჰაბი", ფერმერი" და სხვა. რაც შეეხება ,,ბოსტანის" ონლაინ გაყიდვებს, ყველაზე მოთხოვნადი სერვისია.
უახლესი