სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მდებარე ბიომეურნეობა „სამყურა“ გაფართოვდა და ამიერიდან ბაზრისთვის პროდუქციის ზამთარში მიწოდების შესაძლებლობაც აქვს.
როგორც Business Insider Georgia -ს ბიომეურნეობის დამფუძნებელმა ნიკა ბაგალიშვილმა განუცხადა, არსებულ ბიომეურნეობაში უკვე დაემატა 800 კვ/მ-ზე განთავსებული სასათბურე მეურნეობა, სადაც სხვადასხვა სახის ბოსტნეულის და მწვანილის მოყვანა ხდება. იმავდროულად ფერმერი სასათბურე მეურნეობის გაფართოებას ისევ განაგრძობს და ზამთრამდე კიდევ 200 კვ/მ სათბურის დამატებას აპირებს.
„ზამთარში ძირითადად ზამთრის კულტურები მექნება, ესენია სასათბურე მეურნეობაში ძირითადად მომყავს მწვანილები, ბროკოლი, კომბოსტო, ჭარხალი, სალათის ფურცელი, სტაფილო და სხვა. მიმდინარე ზამთარში უფრო მეტი მოსავლის მიღებას ვარაუდობთ. პროდუქცია რაოდენობრივად გაიზრდება, რადგანაც პატარა სათბურის დამატებას კიდევ ვაპირებ“, - აცხადებს ნიკა ბაგალიშვილმა.
რაც შეეხება „სამყურას“ ღია ბიომეურნეობას ამ მიმართულებითაც ზრდაა და ფერმერის მოსავალიც უკვე 30%-იან ზრდას აჩვენებს.
„აქტიურად ვთესავ საშემოდგომო კულტურებს და შესაბამისად შემოდგომით მოსავალი ფაქტობრივად გაორმაგდება. წელს დავთესე ოკრა (ბამბია,ბამბი), რომელიც არის ინდური კულტურა და საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა. ის სიცხეში კარგად ხარობს და წნორის პირობებს საკმაოდ კარგად შეეგუა. ის არეგულირებს სისხლი შაქრის დონეს და დაინტერესება არის საკმაოდ დიდი. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ამ კულტურის შესახებ ბევრს სცოდნია და ამიტომ საკმაოდ კარგად იყიდება. წელსვე დავთესე ბატატი და მოსავალს შემოდგომაზე ავიღებ. ასევე გაქვს იასამნისფერი კარტოფილი“, - აცხადებს ფერმერი.
„სამყურას“ ბოსტნეული ამჟამად თბილისში, მაღაზია „წერტიში“ იყიდება, სადაც მისი სტენდია განთავსებული. ფერმერი ამბობს, რომ იმდენად მაღალია „წერტის“ ქსელში „სამყურას“ ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა, რომ არსებულ მოთხოვნას ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებენ და შესაბამისად, გასაღების სხვა ალტერნატივაზე არც ფიქრობს.
უახლესი