წელიწადზე მეტია, საკონდიტრო „ფუსფუსის" ხელმძღვანელი, მეწარმე ნათია ყურბუშაძე თბილისში საკონდიტროს გახსნას აპირებს. თუმცა სასურველი ფართის მოძიება ახალგაზრდა მეწარმისთვის დიდი დაბრკოლება გახდა.
როგორც მეწარმე Business Insider Georgia-თან ამბობს, ფასითა და ლოკაციით მისაღები კომერციული ობიექტის დაქირავება გართულდა, რის გამოც საკონდიტროსთან დაკავშირებული პროექტის განხორციელება დროში გაჭიანურდა.
„მოთხოვნა დიდია, მაგრამ ჯერ კიდევ კომერციული ფართის ძიებაში ვართ, ერთ დაბრკოლება არარეალური ფასია, ამაზეც შეიძლება დათმო, მაგრამ სასურველი ლოკაციის შერჩევაც გაგვიჭირდა. რაც კარგია, დაკავებულია, არ მეგონა, ასეთი პრობლემის წინ თუ აღმოვჩნდებოდი. ამ დროს გაზრდილია მოთხოვნა, შემიძლია წარმოება სულ მცირე, გავასამმაგო, მაგრამ ჯერჯერობით ფიზიკურად შეუძლებელია", - ამბობს ნათია ყურბუშაძე და საოჯახო საწარმოს სიახლეებზეც საუბრობს.
„მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, მიმდინარე სეზონი განსაკუთრებით გამორჩეულია. კარგად მიგვიღო მომხმარებელმა, ყველა სეზონი აქტიურია, მაგრამ განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდებში, უფრო მაინც საახალწლოდ და აღდგომის დღესასწაულზე. ასორტიმენტიდან მინდა გამოვყო პასკა, რომელიც მომხმარებლებმა ზაფხულშიც კი შეგვიკვეთეს. რაც შეეხება ასორტიმენტს, 15-მდე დასახელების პროდუქციას ვამზადებ და ვფიქრობ, ახალი ტკბილეულის დამატებაზეც, მაგრამ გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული. ბაზარი სიახლეს ძნელად იღებს, ალბათ ნელ-ნელა შევთავაზებთ სიახლესაც, მთავარია, კომერციულ ფართთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდეს", - ამბობს კონდიტერი.
შეგახსენებთ, რომ ,,ფუსფუსი" ნათია ყურბუშაძის სახლიდან დაწყებული ბიზნესია, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ამბობს, რომ საკონდიტრო არ იქნება ადგილი, სადაც მხოლოდ მენიუზე იმუშავებენ, არამედ სივრცე - ერთი თბილი კერა ქალთა შეკრებების, აზრთა გაზიარებისა და ახალი აღმოჩენებისთვის.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია