გერმანიის მთავრობა ბათუმს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში წლებია ეხმარება და შედეგიც სახეზეა. ბათუმს აქვს ველო ბილიკის განვითარების გენერალური გეგმა, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო დაიხვეწება და გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით ევროპულ სტანდარტს უპასუხებს.
ტრანსპორტის მიმართულებით გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტებს გერმანიის ელჩი ერნსტ პეტერ ფიშერი ადგილზე, მედიასთან ერთად, გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის უკან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) ბათუმში პროექტის „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში“ განხორციელება დაიწყო.
პროექტი ითვალისწინებდა სამხრეთ კავკასიაში ქალაქის თვითმმართველობების მხარდაჭერას ურბანული მობილობის უფრო მდგრადი მიდგომების შემუშავებასა და განხორციელებაში. პროგრამა ,,მობილობა ქალაქებისთვის“ (Mobility4Cities) ორიენტირებულია ქალაქის თვითმმართველობის წახალისებაზე დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობითი მიდგომების შემუშავებისა და გამოყენების უზრუნველსაყოფად.
პროექტი მოიცავდა ბათუმში სატრანსპორტო ქსელის მოწყობას, მათ შორის, სატრანსპორტო ტერმინალებისა და ჭკვიანი შუქნიშნების მონტაჟს, ასევე, ავტოპარკის განახლებასა და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს. პროგრამა დაფინანსდა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ და წარმოადგენს რეგიონული პროგრამის - ,,კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს.
პროექტი განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), გერმანიის განვითარების ბანკსა (KfW) და გერმანიის განვითარების თანამშრომლობის ტრანსფორმაციული ურბანული მობილობის ინიციატივასთან მჭიდრო თანამშრომლობით.
„გერმანიის მთავრობასთან და GIZ-თან საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. ჩვენ 2020 წელს GIZ-თან დავდეთ მემორანდუმი მუნიციპალური სატრანსპორტო პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით და განვსაზღვრეთ სფეროები, რაშიც უნდა გვეთანამშრომლა. პირველ რიგში შევარჩიეთ ბათუმის ველო გადაადგილების გენერალური გეგმის მომზადების საკითხი, შედეგ კი გადავწყვიტეთ ძველი ბათუმისთვის ფეხით გადაადგილების კონცეფციის მომზადება.
ასევე ჩვენი მიზანი იყო პარკირების მართვაში მათგან რჩევებისა და რეკომენდაციების მიღება. GIZ-თან თანამშრომლობით გავაკეთეთ ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - „უსაფრთხო გზა სკოლამდე„“ - ტაქტიკური ურბანიზმის გზით. ერთკვირიანი ტაქტიკური ურბანიზმი განვახორციელეთ და დავტესტეთ, როგორ შეიძლება უსაფრთხოდ მოაწყო გზა სკოლასთან. ეს პროექტი განვახორციელეთ ბათუმის მე-14 სკოლასთან. რაც შეეხება ველო გადაადგილების გენერალურ გეგმას მისი მომზადებისას ვისარგებლეთ ბათუმის მდგრადი ინტეგრირებული ურბანული გეგმების საფუძვლებით.
დღეს ბათუმში ველო ბილიკი მოიცავს მთლიანობაში 26 კმ-ს და გვინდა, რომ მისი დაგრძელება მოხდეს. გვინდა ეტაპობრივად არსებული ველო ბილიკებიც განვაახლოთ, რადგანაც თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და მაინც მოძველებულია. ასევე გვინდა ცენტრალური ქსელიც გავმართოთ და პერიფერიულიც“, - განაცხადა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა რუსუდან ჟოჟაძემ .
მისი თქმით, ბათუმში გერმანიის მთავრობასთან და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) თანამშრომლობით იწყება პროექტი „მდგრადი ურბანული ტრანსპორტი“.
„ჩვენ ტრანსპორტის მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ GIZ-თანაც და KfW-თანაც. KfW-თან თანამშრომლობის ფარგლებში გვინდა, რომ ჭკვიან სატრანსპორტო სისტემებთან ერთად ერთ-ერთი პრიორიტეტული კომპონენტი იყოს მდგრადი ურბანული ტრანსპორტი და ველო ტრანსპორტის ქსელის მოწყობა. . ამ ეტაპზე გვინდა, რომ დეტალური ეკონომიკური კვლევა მომზადდეს, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული გეგმა“, - ამბობს რუსუდან ჟოჟაძე.
უახლესი
4 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება