მინდა ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ზვავსაშიშ ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობა არ დაპროექტებულა და არც შენდება, - ამის შესახებ „ორბი ჯგუფის“ დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს შენობა-ნაგებობა, რომლის აშენებასაც ვგეგმავთ, რომ ზვავსაშიშ ზონაშია, არის სრული დეზინფორმაცია და სიცრუე. ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება საფრთხეში აგდებს კურორტის მომავალს. ბევრი ადამიანი მიუთითებს, რომ ორბი აშენებს ზვავსაშიშ ზონაში. ჩვენს ლოკაციასთან ახლოს, დღემდე 200-მდე ოჯახის კოტეჯია განთავსებული. აქვე არის ე.წ. ბანაკების ტერიტორია, ეს შენობები 70-80 წელს ითვლის და დღემდე დგას“, - ამბობს ირაკლი კვერღელიძე.
„ორბი ჯგუფის“ დირექტორის ინფორმაციით, 2023 წელს „გეოგრაფიკთან“ ერთად, ფრანგი სპეციალისტები ჩამოიყვანეს, რათა ბახმაროში ზვავსაშიში ზონები კიდევ ერთხელ გადაემოწმებინათ. „გვაქვს გეოლოგიური დასკვნა, რომელიც 420 გვერდს მოიცავს, ეს არის კომპანია „ჯეო ინჟინერინგის“ მიერ ჩატარებული კვლევა და 2023 წლით დათარიღებული გეოლოგიური დასკვნა. ამ კომპანიამ, თავიდან ბოლომდე შეისწავლა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ყველა პარამეტრი, მისი გეოფიზიკური დინამიკა. საბოლოო ჯამში ამ ტერიტორიაზე მშენებლობის წარმოებისთვის გეოლოგიური კუთხით საფრთხე არ არსებობს და შესაბამისად ჩაითვალა მშენებლობის წარმოებისთვის. შემდეგ ჩატარდა ამ გეოლოგიური კვლევის ექსპერტიზა, სადაც დადასტურდა ამ კვლევის სისწორე“, - განაცხადა ირაკლი კვერღელიძემ.
კომპანია „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში, მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობას იწყებს.მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაიწყო. პროექტის ტერიტორია მოიცავს 8 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, საიდანაც 1 ჰექტარზე სასტუმრო კომპლექსის შენობა განთავსდება, ხოლო 7 ჰექტარი დაეთმობა რეკრეაციულ და დასასვენებელ სივრცეებს. სასტუმრო კომპლექსი გააერთიანებს 350 აპარტამენტს და სასტუმრო ინფრასტრუქტურას. კომპლექსში განთავსდება სპორტულ მოედნები, რესტორნები, კაფეები, სპა და სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრები, მოეწყობა ასევე დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, კინო-თეატრი, საცურაო აუზი და პარკინგი, რაც კურორტს საშუალებას მისცემს ყოველწლიურად 300 000-ზე მეტ ტურისტს მოემსახუროს.
კომპლექსის დასრულების ვადა 2025 წლის დეკემბერია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კომპანია „ორბი ჯგუფ ბახმაროს“ კურორტ ბახმაროში 9 მიწის ნაკვეთი საკუთრებაში, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად 2019 წლის 15 მაისს გადაეცა. ნაკვეთების საერთო ფართობი 43 269 კვ.მ-ია. განკარგულების თანახმად, კომპანიამ არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადაში „ორბი ჯგუფს“ ამ მიწის ნაკვეთებზე, ან მათ ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება ევალება, რაც მოიცავს არანაკლებ 120-ნომრიან სასტუმროებს, კვების ობიექტებს, სპორტულ მოედნებსა და სხვა ინფრასტრუქტურას. ამასთან, ცნობილია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის ვადაში „ორბი ჯგუფისთვის“ გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არ უნდა აშენდეს.
2023 წლის მარტში კურორტ ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსიც მიენიჭა.
„ორბი ჯგუფი ბახმარო“ 2018 წლის 27 დეკემბერს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი ირაკლი კვერღელიძეა, ხოლო 100 % წილის მესაკუთრე ზვიად ზოიძეა.
უახლესი