დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორტზე მომუშავე კომპანიებს გადაზიდვების ხარჯი გაუორმაგდათ - იმპორტიორი

აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორტზე მომუშავე კომპანიებს გადაზიდვების ხარჯი გაუორმაგდათ - იმპორტიორი

20-04-2023 10:30:23

ავტოიმპორტიორების ინფორმაციით, აზერბაიჯანის მიმართულებით ავტომობილების გადაზიდვების ხარჯი 150 დოლარიდან მოულოდნელად 300 დოლარამდე გაიზარდა.

საუბარი ევაკუატორებზე, ე.წ. ავტომზიდებზე, რომლის დაქირავების სერვისიც გაძვირდა.

კომპანია „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელი, ავტოიმპორტიორი ელგუჯა ჯამაგიძე ცვლილებას აზერბაიჯანში ახალი რეგულაციის დაწესებას მიიჩნევს, რომლის საფუძველზეც ქვეყნის ტერიტორიაზე 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შეყვანა იკრძალება.

„რეგულაციის გამო გადამზიდავებმა დიდი პრობლემა შეგვიქმნეს. შეზღუდვებიდან გამომდინარე, ავტომობილების ტრანსპორტირების ხარჯი გაიზარდა.

რეგულაცია ძალაში 28 აპრილიდან შედის, ბიზნესი ცდილობს, მოასწროს და მეტი ავტომობილის რეექსპორტი მოახდინოს აზერბაიჯანის ბაზარზე, სანამ ჯერ კიდევ დროა. ამან ავტოგადამზიდებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა, რასაც გადამზიდავები ვერ უზრუნველყოფენ ევაკუატორების სიმცირის გამო ანუ მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსია. გადამზიდავებმა შექმნილი სიტუაციით მომენტალურად იხეირეს, არ გამოვრიცხავ, გაზრდილი ტარიფი დარჩეს, რაც სამომავლოდ ალბათ ავტომობილების ფასებზეც აისახება“, - ამბობს ელგუჯა ჯამაგიძე Business Insider Georgia- თან.

ავტოიმპორტიორის ინფორმაციით, თითო ევაკუატორს ერთჯერადად 8 ავტომობილი გადაჰყავს. მომსახურების ღირებულება 300 დოლარია, როცა ცოტა ხნის წინ 150 დოლარი ღირდა.

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილიდან აზერბაიჯანში 10 წელზე მეტი ხნის ავტომობილები ვეღარ შევა. რეზოლუცია მიზნად ისახავს მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე ეკოლოგიის გაუმჯობესებას, რაც მანქანების მიერ ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების ემისიების შემცირებითა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებით მიიღწევა.

სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ აზერბაიჯანში 1,4 მილიონზე მეტი ავტომობილია, რომელთაგან 80%-ზე მეტი 10 წელზე მეტი ასაკისაა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები