დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა შესაძლოა, ნავთობის ტრანსპორტირება ბაქო-სუფსის მარშრუტით დაიწყონ

აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა შესაძლოა, ნავთობის ტრანსპორტირება ბაქო-სუფსის მარშრუტით დაიწყონ

08-08-2023 19:00:38

ყაზახეთი და აზერბაიჯანი ბაქო-სუფსის მარშრუტით ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობას განიხილავენ.

ამის შესახებ განცხადება ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა მთავრობის სხდომაზე „დრუჟბას“ მილსადენით გერმანიაში ნავთობის მიწოდების კომენტირებისას გააკეთა. 

„ჩვენ უკვე მივაღწიეთ შეთანხმებებს ყაზახური ნავთობის ექსპორტზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით. განიხილება ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობა ბაქო-სუფსის მარშრუტით.

ყაზახეთმა დაიწყო „დრუჟბას“ მილსადენით გერმანიისთვის ნავთობის მიწოდება. მიწოდება ხორციელდება ყაზახური ნავთობის ტრანზიტის შესახებ ადრე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად“, - განაცხადა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ბაქო-სუფსის მილსადენის სიგრძე 837 კილომეტრია. მისი გამტარუნარიანობა აღემატება შვიდ მილიონ ტონა ნავთობს წელიწადში (145000 ბარელი დღეში). მილსადენის ოპერატორი არის bp. ნავთობის ტრანსპორტირების საბოლოო პუნქტი არის შავი ზღვის პორტი სუფსა. შემდეგ ნავთობი ევროპაში მომხმარებელს ტანკერებით მიეწოდება. 

მილსადენის გავლით ექსპორტი 2022 წლის მაისიდან ნავთობის გადაზიდვებზე განაცხადების ნაკლებობის გამო შეჩერდა.

შეგახსენებთ, როგორც ადრე აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, 2023 წლის ბოლომდე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახეთიდან 1,125 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდება მოხდება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები