დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აზერბაიჯანი 10 გიგავატამდე განახლებადი ენერგიის წარმოებას გეგმავს

აზერბაიჯანი 10 გიგავატამდე განახლებადი ენერგიის წარმოებას გეგმავს

28-10-2023 13:00:50

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ ქვეყანა აპირებს თანდათან 10 გიგავატამდე განახლებადი ენერგიის წარმოებას და ეკონომიკის დივერსიფიკაციას წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

პრეზიდენტმა ალიევმა მონაწილეობა მიიღო ყარადაღის რეგიონში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან Masdar-ის მიერ აშენებული 230 მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის გახსნაში.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ალიევმა აღნიშნა, რომ ეს ელექტროსადგური ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურია რეგიონში.

„ჩვენ ვგეგმავთ ერთობლივად 10 გიგავატამდე განახლებადი ენერგიის ეტაპობრივ წარმოებას და ეს იქნება სრული რევოლუცია რეგიონის ენერგეტიკულ განვითარებაში. ჩვენ მივდივართ მწვანე დღის წესრიგისკენ. ეს გაცნობიერებული არჩევანია. ეს არის ჩვენი წვლილი არა მხოლოდ აზერბაიჯანის სამომავლო განვითარებაში, არამედ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში“.

ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის:

„ბოლო 30 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში 300 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. აქედან დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი მოდის არა ნავთობის სექტორზე. ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რათა შევამციროთ დამოკიდებულება წიაღისეულ საწვავზე“.

პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანის ნავთობი და ბუნებრივი აირი მსოფლიო ბაზრებზე მრავალი წლის განმავლობაში იქნება მოთხოვნადი.

ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა თავისი წვლილი შეიტანა მთელი რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კასპიის ზღვიდან ევროპისკენ 3500 მ სიგრძის გაზსადენის აშენებით. ალიევმა თქვა, რომ მწვანე ენერგიის წყალობით ის დაზოგავს ბუნებრივ აირს და ამით შეძლებს მეტი ექსპორტის გატანას. 

„მართლაც, ბოლო გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად, ევროპას აზერბაიჯანული გაზი ისე სჭირდება, როგორც არასდროს“, - განაცხადა ალიევმა.

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს აზერბაიჯანის მთავრობასა და მასდარს შორის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 2 მზის და 1 ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები