საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობისთვის ინდივიდუალური ექსპო გრანტი IT კომპანიებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს გაზარდონ საექსპორტო პოტენციალი და გააფართოონ კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან,- ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან GITA-ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სააგენტოს აწარმოე საქართველოში“ მიერ ახლახან დაანონსებული პროგრამა შეაფასა.
კასრაძის თქმით, აღნიშნულ ინსტრუმენტს ყველა IT კომპანია დიდი სიხარულით გამოიყენებს.
„ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო მეტი შეკვეთები მიიღონ ქართულმა კომპანიებმა, კიდევ უფრო მეტი კლიენტები მონახონ ჩვენი ქვეყნის გარეთ. იმიტომ, რომ ჩვენი IT ინდუსტრიისა და ეკონომიკის შემოსავლები პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებულია თუ რამდენად გლობალურები ვიქნებით, რამდენად ბევრი საერთაშორისო კლიენტურა ეყოლებათ ჩვენს კომპანიებს.
საერთაშორისო გამოფენები სწორედ ამისთვისაა შექმნილი, რომ IT კომპანიებმა ნახონ კლიენტები, რომლებიც ეძებენ IT აუთსორს მომსახურებას და შესაბამისად „აწარმოე საქართველოში“-ს მხრიდან ექსპორტის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელსაც დარწმუნებული ვარ ყველა IT კომპანია დიდი სიხარულით გამოიყენებს“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
როგორც ცნობილია, სააგენტო „აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს. ინდივიდუალური ექსპო გრანტი ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს გაზარდონ საექსპორტო პოტენციალი და გააფართოონ კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან.
„სააგენტო მუდმივად ზრუნავს, რომ ექსპორტიორ კომპანიებს სხვადასხვა მიმართულებით დაეხმაროს. დღესდღეობით, ექვსზე მეტი პროგრამა გვაქვს დანერგილი, გადამზადების თუ საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის მიმართულებით. თუმცა, ჩვენ მუდამ ვფიქრობთ განვითარებაზე და ჩვენი გუნდის ინიციატივით, ექსპორტიორ კომპანიებს ახალ პროგრამას ვთავაზობთ, რომლითაც ყველა მეწარმეს ინდივიდუალურად ვაძლევთ საშუალებას, თავად აირჩიოს საერთაშორისო გამოფენა, თუ თვლის რომ ის გამოფენები, რაც ამ ეტაპზე გვაქვს კალენდარში, მისთვის საკმარისი არ არის და სურს მეტად გააფართოოს არეალი.
კომპანიებს ვაძლევთ თავისუფლებას აირჩიონ კონკრეტული ქვეყანა და გამოფენა, სააგენტო კი 80-90%-მდე გრანტის სახით აუნაზღაურებს ხარჯებს. დავფარავთ ყველა სტრატეგიულ ბაზარს - იქნება ეს ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, აზიის კონტინენტი, ასევე აფრიკის ნაწილი. საერთაშორისო გამოფენა ყველაზე ეფექტური გზაა მეწარმემ იპოვოს პროდუქციის შემსყიდველი. ჩვენი სტატისტიკით, ყოველი მეორე და მესამე მონაწილეობა გამოფენაში, კომპანიას საშუალებას აძლევს გაიტანოს პროდუქცია ექსპორტზე.
ასე რომ, მოვუწოდებ ექსპორტიორ კომპანიებს, გაეცნონ ახალ პროგრამას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თუ ფიქრობენ კონკრეტული მიმართულებით გეოგრაფიულ გაფართოებას, ჩვენ მათ დავეხმარებით საერთაშორისო გამოფენებზე“ - განაცხადა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
პროგრამის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში, ერთი კომპანიის მიერ შესაძლებელი იქნება მაქსიმუმ 5000 ერთეულის (ევრო, აშშ დოლარი, ფუნტი) ათვისება ერთდროულად ან ეტაპობრივად. სააგენტო კომპანიებს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისას სივრცის ქირავნობის, სტანდარტული სტენდის მშენებლობისა და რეგისტრაციის ხარჯებს აუნაზღაურებს.
კომპანიებს წლის განმავლობაში, შეუზღუდავად ექნებათ განაცხადის შევსების და დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, თანადაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა, რაც დამატებით წაახალისებს ქართული პროდუქტის სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენას და პოპულარიზაციას.
“აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ყოველწლიურად ორასამდე ქართული კომპანია მონაწილეობს მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენებში საკვებისა და სასმლის, ტყავის პროდუქციის, ტანსაცმლის/საბავშვო ტანსაცმლის, სათამაშოების, შესაფუთი მასალებისა და ცხოველთა საკვების მიმართულებით. ახალი პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას ასევე შეძლებენ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სამშენებლო კომპანიები.
უახლესი
2 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა