ცეცხლი აინთო • Tsetskhli Ainto ბარბექიუს რესტორანი თბილისში პირველია, სადაც მომხმარებლებს მხოლოდ მაყალზე მომზადებული კერძების, პირველ რიგში კი ნამდვილი კახური მწვადის დაგემოვნება შეუძლიათ. რესტორანი ახალგაზრდებმა, მიხეილ ჩაფურიშვილმა და გიორგი ახსაბაძემ დაახლოებით თვენახევრის წინ გახსნეს და მოთხოვნა უკვე იმდენად დიდია, რომ უკვე ბიზნესის განვითარების გეგმაზეც მუშაობენ.
სახელწოდება ,,ცეცხლი აინთო“ მიხეილის მეუღლეს, სოფო ბექაურს ეკუთვნის, რითაც რესტორანმა ასევე მიიქცია ყურადღება და გულშემატკივრებიც გაიჩინა. როგორც მიხეილ Business Insider Georgia -თან ამბობს, რომ მიდგომამ გაამართლა და მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ცდილობენ ასორტიმენტის გაზრდას, სადაც რესტორნის კონცეფცია მაქსიმალურად იქნება შენარჩუნებული.
„განსხვავებული სივრცის შექმნა გვინდოდა, რომელიც დიდ ინტერესს გამოიწვევდა. ვიფიქრეთ, რატომაც არა, ვისაც უყვარს, რატომ არ შეიძლება ჭამოს მხოლოდ მწვადი და ამისთვის რესტორანში წასვლა არ იყოს საჭირო?! ამ კერძის მოყვარულებისთვის შევქმენით სივრცე, სადაც მოსული ადამიანები, ნამდვილ კახურ მწვადს დააგემოვნებენ განუყრელ, ახალ შოთის პურთან ერთად.
მიდგომამ გაამართლა, ივლისი-აგვისტო ძალიან დატვირთულია და სექტემბერ-ოქტომბერშიც მეტ დატვირთვას ველოდებით, სეზონიდან გამომდინარე. მომხმარებლებს ყველაზე მეტად რაც მოსწონთ, სიმარტივეა. ძალიან სწრაფად ხდება ეს ყველაფერი, 15 წუთში მწვადი მზადაა! განსაკუთრებით ლანჩზე მოდის ძალიან ბევრი ადამიანი. ძალიან კარგად მიგვიღეს, შეგვიყვარეს და ჩვენც ვცდილობთ, რომ მეტი სიახლე შევთავაზოთ, უფრო გავანებივროთ მომხმარებელი, რაც სტიმულს გვაძლევს უფრო კარგი იდეებისთვის" - ამბობს მიხეილ ჩაფურიშვილი.
რესტორნის თანადამფუძნებლის თქმით, მთავარი - ერთი, ძირითადი პროდუქტის ნიშა შენარჩუნდება. გაიზრდება ასორტიმენტი, რაც შეიძლება იყოს, მაგალითად, მწვადი შოთში, სენდვიჩის მსგავსი პროდუქტი, რომელიც მენიუში სექტემბრიდან დახვდებათ სტუმრებს.
მზადდება როგორც კახური, ასევე კლასიკური(ნაკლებ ცხიმიანი) მწვადი, რომლის ღირებულება 14.50 ლარია. კერძს კახური შოთი უფასოდ მოჰყვება. ასევე მენიუშია ქაბაბი და ქათმის მწვადი, რომელიც ძალიან მოსწონთ სტუმრებს.
„ცეცხლი აინთო" 7 ივლისს გაიხსნა საბურთალოზე, ტაშკენტის 10 ნომერში. ამ ეტაპზე კომპანიაში 8 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი