„ასკანელი“ ქვევრის ღვინოების ახალ ხაზს უშვებს,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის მფლობელმა გოჩა ჩხაიძემ განუცხადა.
„ასკანელს“ ყოველთვის ჰქონდა ძალიან საინტერესო და მიმზიდველი არჩევანი ქვევრის ღვინოებში, თუმცა ბოლო წლებში ყვარელში ავაშენეთ ახალი ინოვაციური საქვევრე მარანი სადაც 87 ქვევრია და მთლიანობაში საშუალოდ 120 ტონა ღვინის დატევა შეუძლია.
ქვევრების გარშემო მიწაში ჩამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგია, რაც მიწისქვეშა ტემპერატურის სრულ კონტროლს გულისხმობს ინდივიდუალურად თითოეული ქვევრისთვის. ამგვარი მექანიზმი საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი რისკი. გათბობა-გაგრილების მექანიზმით შესაძლებელი ხდება ფერმენტაციის პროცესის ხანგრძლივობის გაზრდა, რაც საბოლოოდ უფრო მდიდარ არომატულ და ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიან უმაღლესი ხარისხის ღვინოებს გვპირდება, ისე, რომ ხელი არ შევუშალოთ ქვევრში ღვინის დაყენების ბუნებრიობას“,- განაცხადა გოჩა ჩხაიძემ.
მისი თქმით, „ასაკანელის“ ღვინოების მომხმარებელს უახლოეს მომავალში ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ.
„ასკანელი“ უშვებს ქვევრის ღვინოების ახალ ხაზს სახელად „დორა“. ჩვენს მარანსაც „დორა“ დავარქვით, რადგან უძველესი ქართული სიტყვაა და ღვინის საზომ ერთეულს ნიშნავს. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში დორა ქვევრის სინონიმადაც მოიხსენიება“, - განაცხადა გოჩა ჩხაიძემ.
კომპანია „ასკანელი“ 1998 წელს დაარსდა და მას შემდეგ არ გაჩერებულა.
„დღემდე ბევრმა რთველმა ჩაიარა. განვახორციელე დიდძალი ინვესტიციები და შესაბამისად „ასკანელს“ ერთი დღეც არ შეუწყვეტია ზრდა და განვითარება. დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ასკანელში მუშაობენ ძალიან მაღალი დონის კადრები. მუდმივ თანამშრომლად დასაქმებულია საშუალოდ 400 ადამიანი, ხოლო სეზონურ სამუშაოებზე დღეში საშუალოდ 200 ადამიანს მაინც ვასაქმებთ“,- აცხადებს გოჩა ჩხაიძე.
უახლესი