დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არჩევნები ჩატარდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც სანიმუშოდ და სამაგალითოდ - ლევან დავითაშვილი

არჩევნები ჩატარდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც სანიმუშოდ და სამაგალითოდ - ლევან დავითაშვილი

28-10-2024 14:18:00

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საარჩევნო პროცესი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ არჩევნები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც სანიმუშოდ ჩატარდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის დამოკიდებულებაზე არჩევნების შედეგების მიმართ და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები პრეზიდენტის მხრიდან ახალი არ არის.

„ჩვენ საარჩევნო კამპანიის პერიოდშიც ხშირად გვესმოდა მოწოდებები, განცხადებები, აქტიურობა პრეზიდენტის, რომელიც ნამდვილად არ არის ამ ინსტიტუტის შესაფერისი. ქართველი ხალხის არჩევანი არის ერთი და ჩვენ გვესმის, რომ ოპოზიციის სამოქმედო გეგმა და სურვილები არის განსხვავებული ქართველი ხალხის სურვილისგან და არჩევანისგან და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტიც ამ არჩევანის ნაწილია“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობის შეფასებისას, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სამი ათასზე მეტ საარჩევნო უბანში, ფაქტობრივად, არ იყო არა თუ დარღვევა, არამედ ხმის მიცემის პროცესი სანიმუშოდ და სამაგალითოდ ჩატარდა. „ვფიქრობ, რომ არჩევნები ჩატარდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც სანიმუშოდ და სამაგალითოდ მაღალ დონეზე ორგანიზაციული კუთხით, მათ შორის, ინოვაციების ეფექტურად გამოყენებით. აქედან გამომდინარე, არჩევნები ჩატარდა წარმატებით, თუმცა ყველა ის ხარვეზი, რომელიც დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, საჭიროებს რეაგირებას,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ არცერთი დარღვევა, თუ ასეთი რამ დადასტურდა, არ დარჩეს რეაგირების გარეშე.

„ჩვენ მუდმივად უნდა ვაუმჯობესებდეთ ჩვენს პოლიტიკურ პროცესებს, პოლიტიკურ ცხოვრებას - არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდს ეხება ეს, მაგრამ განსაკუთრებულად ეს საარჩევნო პროცესებსაც ეხება,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილი ასევე გამოეხმაურა საზოგადოებაში არსებულ პოლარიზებას.

„რამდენად დიდი არ უნდა მხარდაჭერა საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან სახელისუფლებო გუნდის, ჩვენ ვხედავთ, რომ რჩება უმცირესობა, რომელიც საკმაოდ პოლარიზებულია თავის პოზიციებში. მით უმეტეს მცირერიცხოვანი ქვეყნებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, არ არის კარგი... პოლარიზება არ არის უცხო დღეს ქვეყნებისთვის. არ არის დღეს არცერთი დემოკრატიული ქვეყანა, სადაც პოლარიზაციის ხარისხი არ არის უფრო მაღალი, ვიდრე ეს იყო ადრე. ეს არის გლობალური ტენდენციები. ამაზე ბევრი იყო საუბარი, მათ შორის, საარჩევნო პროცესში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც მხარი არ დაგვიჭირა და განსხვავებული პოზიცია გააჩნია, ეს პოზიცია ექნება შეცვლილი შემდეგ წლებში, რადგან ჩვენ საქმით დავამტკიცებთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები და პოზიციები იყო მართალი,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები