2023 წლის აპრილის მდგომარეობით მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასამ 5 106 918 000 ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტთან შედარებით მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასა 5%-ითაა გაზრდილი, ხოლო წლიურ ჭრილში კი 12%-ით.
სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მარტში მიმოქცევაში ნაღდი ფულის სახით 4 858 849 000 ლარი იყო, ხოლო 2022 წლის აპრილში კი 4 551 434 000 ლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა 5 მლრდ-იან ნიშნულს სწორედ აპრილში გადასცდა.
სებ-ის ინფორმაციით, ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევა საშუალოდ წლიური 10%-იანი ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
მთლიან მიმოქცევაში ბანკნოტების თანხობრივი რაოდენობა 96,9%-ს, ხოლო მონეტები 3,1%-ს შეადგენს. ქვეყანაში მთლიან შიდა პროდუქტსა და მიმოქცევაში ნაღდ ფულს შორის თანაფარდობა წლების განმავლობაში საშუალოდ 7,8% -8,8%-ის ფარგლებშია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირება და ქვეყნის ეკონომიკის ლარის ბანკნოტებით და მონეტებით შეუფერხებელი უზრუნველყოფაა. ამ ფუნქციას საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით ახორციელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე ნაღდი ფულის გაცემა ხდება შეუზღუდავად, მათ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში. კომერციულ ბანკებზე გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფორმირებული ნაღდი ფული.
საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირებას ახორციელებს ნაღდი ფულის მართვის კლასიკური (ცენტრალიზებული) მოდელით, რაც გულისხმობს პირადი და უშუალო პასუხისმგებლობის შენარჩუნებას ფულის ნიშნების დამზადების, მიმოქცევის და განადგურების ყველა ასპექტის მართვა.
ფულის მიმოქცევის რეგულირების თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნული ბანკი პერმანენტულად მუშაობს ეროვნული ვალუტის მიმოქცევისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად და მისი პოპულარიზაციის მიმართებით, ნაღდი ანგარიშსწორების სფეროს სრულყოფისა და ამ სფეროში ნორმატიული ბაზის დახვეწა-სრულყოფის, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების ხარისხის ამაღლებისა და ასევე კომპეტენციის ფარგლებში ყალბი ფულის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით.
2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება დამრგვალების პრინციპით (უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით). კერძოდ, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება 0-ზე ან 5-ზე არ მთავრდება.
უახლესი