დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ანაკლიის პროექტში ერთ-ერთი ინვესტორი, შესაძლოა,  „აზიის განვითარების ბანკი“ იყოს - ლაშა ხუციშვილი

ანაკლიის პროექტში ერთ-ერთი ინვესტორი, შესაძლოა, „აზიის განვითარების ბანკი“ იყოს - ლაშა ხუციშვილი

04-05-2023 12:15:21

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ოპერატორს, რომელიც პორტის ოპერირებისთვის შეირჩევა, შესაბამისი გამოცდილება, შესაძლებლობები და რესურსები ჰქონდეს, რადგან „ტვირთი, რომელმაც პორტში უნდა გაიაროს, მან უნდა მოიტანოს“. ამის შესახებ ხუციშვილმა ჟურნალისტებს კორეაში განუცხადა, სადაც აზიის განვითარების ბანკის (ADB) 56-ე ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს.

ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. 

როგორც მინისტრმა განმარტა, როდესაც ანაკლიის პორტის პროექტის საბოლოო სტრუქტურა ჩამოყალიბდება, შესაძლოა, ერთ-ერთი ინვესტორი, აზიის განვითარების ბანკიც იყოს, რადგან მათი მხრიდან „ასეთი ინტერესი არსებობს“.

„ყველა პრიორიტეტულ პროექტს ვიხილავთ, რომელიც ქვეყანას აქვს. ასე ხდება, როდესაც აზიის განვითარების ბანკი სრულად მორგებულია განვითარების იმ „აჯენდას“, რომელიც გვაქვს. ეს პროექტებია ძირითადად ენერგეტიკის, ლოჯისტიკის მიმართულებით, რისი გაცნობაც ხდება. კონკრეტულად ანაკლიის პროექტთან მიმართებით კი მნიშვნელოვანია საბოლოო სტრუქტურა იყოს ჩამოყალიბებული.

ინტერესთა გამოხატვაა გამოცხადებული. პორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ოპერატორს, რომელიც პორტის ოპერირებისთვის შეირჩევა, უნდა ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება, შესაბამისი შესაძლებლობები და რესურსები, რათა ტვირთი, რომელმაც პორტში უნდა გაიაროს, მან უნდა მოიტანოს. ეს ერთადერთი რისკია, რომელიც მან უნდა აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ოპერატორი იქნება ისეთი, ვინც ტვირთების გარანტიას მოითხოვს, მაშინ ვერ ვხედავ დიდ აზრს, რომ კერძო ოპერატორი გვყავდეს, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოს შეუძლია დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებ პროცენტში მოიზიდოს დაფინანსება,

მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ვიდრე ამას კერძო სექტორი შეძლებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი პროექტი ღირებულებაში აისახება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ოპერატორი, ვინც შეირჩევა, იყოს მაღალი რეპუტაციის, დიდი გამოცდილება ჰქონდეს ამ სექტორში და შეძლოს ის, რომ კორიდორში ტვირთები მოიტანოს. შესაძლებელია, რომ ტვირთების მოტანა დიდი პრობლემა არაა, რადგან ჩრდილოეთ კორიდორის გადმონაცვლება მოხდა შუა კორიდორში, რომელიც საქართველოზე გადის, თუმცა, როდესაც ინვესტიცია 30-50 წელზეა გათვლილი, მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ დღეს არსებული მდგომარეობით არსებობდეს ტვირთები, არამედ ტვირთები გრძელვადიანად შენარჩუნდეს.

ეს ინვესტიცია ვერ იქნება იმაზე დამოკიდებული, რომ რაღაც ფაქტორების გამო ტვირთების საქართველოში გადმოტანა მოხდა. ინვესტორი მხოლოდ ამას ვერ დაეყრდნობა, რადგან ტვირთები შემდეგ, შეიძლება, სხვაგან წავიდეს. მითუმეტეს, რომ კორიდორში მხოლოდ ერთი ქვეყნის გამართულად ფუნქციონირება არაფერს ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ კორიდორის ნაწილი ყველა ქვეყანა კოორდინირებულად ფუნქციონირებდეს როგორც ტარიფებთან, ისე პროცედურებთან მიმართებით.

ამ ნაწილში ADB-ის (აზიის განვითარების ბანკი) ინტერესი არის, უბრალოდ, მას შემდეგ რაც კერძო ინტერესი იქნება გამოხატული და გამოჩნდება, საბოლოო სტრუქტურა როგორ ჩამოყალიბდება, თუ სახელმწიფოს ინვესტიციის გაკეთება იქნება საჭირო, ბუნებრივია, ამ მხარეს (სახელმწიფოს მხარეს) ერთ-ერთი ინვესტორი, შესაძლოა სხვა ინვესტორებთან ერთად "აზიის განვითარების ბანკი" იყოს. ასეთი ინტერესი არსებობს“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები