„გალტ & თაგარტის” ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ Business Insider Georgia-თან ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილება შეაფასა. მისი თქმით, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა ინფლაცია და რეგიონში მიმდინარე სიტუაცია, რის გამოც მან ფრთხილი ნაბიჯი გადადგა.
მთლიანობაში, როგორც ლაშა ქავთარაძე ვარაუდობს, მომდევნო სხდომებზე სავარაუდოდ მიღებული იქნება ანალოგიური გადაწყვეტილება და 0,25%-ით შეარბილებენ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, რითაც წლიურ ჯამში მონეტარული პოლიტიკა 1,5%-ით შემცირდება და 9,5%-იან მაჩვენებელზე დაფიქსირდება.
,,ვფიქრობდით, რომ ორი არჩევანი ექნებოდა ეროვნულ ბანკს: 0,25% და 0,5%. როგორც ჩანს, ხმების უმეტესობით ასეთი შედეგი დადგა. ამ გადაწყვეტილებისთვის საკმაოდ მყარი არგუმენტი აქვს სებ-ს, რაც ეყრდნობა შემდეგს: ინფლაცია, მართალია, მიზნობრივზე დაბალია, მაგრამ მიწოდების ფაქტორით არის განპირობებული. მოთხოვნის ფაქტორი კვლავ მაღალია. ხოლო სებ-ი რეაგირებს, როცა მოთხოვნის ფაქტორი იცვლება. ამ კონტექსტში, მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების ფაქტორი არის დომინანტი და ამით წამოვიდა ინფლაცია ქვემოთ, მაინც დაიწყო სებ-მა მონეტარული პოლიტიკის შერბილება“, - განმარტა ქავთარაძემ.
ამდენად, როგორც „გალტ & თაგარტის” ანალიტიკოსმა აღნიშნა, სებ-ი ცდილობს, რომ მონეტარული პოლიტიკასთან მიმართებაში უფრო ფრთხილი იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაცია კვლავ მაღალია, შემცირების ტენდენციის მიუხედავად.
,,ეროვნული ბანკი ასევე უყურებს რეგიონში სიტუაციას, სადაც მონეტარული პოლიტიკის შერბილებისგან ძირითადად თავს იკავებენ.
ნათელი გახდა, თუ რა ტრაექტორიას მიაღწევს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლის ბოლომდე. ეროვნული ბანკის კომუნიკაციით, ვფიქრობთ, რომ მომდევნო სამივე სხდომაზე მოსალოდნელია, 25 %-ით შეამცირონ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და წლის ბოლოს 9,5%-ს მივიღებთ. გამოდის, რომ წელს სებ-ი ეროვნულ პოლიტიკას 1,5%-ით შეამცირებს. როგორც ჩანს, ფრთხილობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას. თუმცა ჩვენი შეფასებაა, რომ მონეტარული პირობები კიდევ მკაცრია, მიუხედავად იმისა, რომ ჯამში წელს 1,5%-ით შეამცირებს. სიმკაცრე გამომდინარეობს იქიდან, რომ უცხოური ვალუტაში საპროცენტო განაკვეთები უფრო მეტად გაიზარდა წელს, ვიდრე ეროვნულ ვალუტაში შემცირებაა წლის ბოლომდე მოსალოდნელი.
გარდა ამისა, წლის ბოლოს მოსალოდნელია კიდევ უფრო გაიზარდოს საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში. ეს ქმნის წინაპირობას, რომ ჩვენთან ფინანსური პირობები უფრო გამკაცრებულია“, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 2 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტულიპუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25 პროცენტს შეადგენს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 13 სექტემბერს ჩატარდება.
უახლესი
5 საათის წინ
Bitcoin-ის კურსი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა6 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა8 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა