ქალაქ ახალციხის გენერალური გეგმის შემუშავებისთვის საჭირო წინასაპროექტო კვლევები დასრულდა. სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დაკვეთით კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ, ფიზიკური და უფლებრივი გარემოს მრავალდისციპლინარული დარგობრივი მონაცემების შეგროვების, შესწავლისა და შეფასების მიზნით, ჩაატარა საველე, დოკუმენტური და კამერალური სამუშაოები.
საველე სამუშაოები ჩატარდა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და ჯგუფების მიერ, რაც მოიცავდა როგორც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრებს, ასევე, ქალაქის კონტექსტისა და მასშტაბის აღქმას, განაშენიანების სტრუქტურის, მორფოლოგიისა და ჰომოგენურობის შესწავლას, დარგობრივი და კომპლექსური პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებას.
კამერალური და დოკუმენტური კვლევების ფარგლებში შეგროვდა და დამუშავდა საბაზისო მონაცემები, საარქივო და ბიბლიოგრაფიული მასალა, აქამდე დამუშავებული სხვადასხვა სტრატეგიული დოკუმენტი, შეთანხმებული მსხვილი არქიტექტურული და ქალაქგეგმარებითი პროექტები და სხვ.
დარგობრივ და შემაჯამებელ ანგარიშებში მიმოხილულია საკვლევი არეალის საზღვრები, ქალაქ ახალციხის ადგილმდებარეობა როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნისა და რეგიონის კონტექსტში. განხილულია ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა, ბუნებრივ-გეოგრაფიული მახასიათებლები და ფასეულობები. აღწერილია ახალციხის გარემოს მდგომარეობის შეფასება, მიწის საკუთრება, დემოგრაფიული მდგომარეობა. შესრულებულია დეტალური გეგმარებითი და ფუნქციურ-მოცულობითი ანალიზი. ასევე, განხილულია ტრანსპორტი და მობილობა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები და წარმოდგენილია ვრცელი ეკონომიკური სექტორული ანალიზი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლების, ბიზნესის, ტურიზმის, საცხოვრებელი, საოფისე და კომერციული სექტორების ანალიზს.
საწყისი ეტაპიდან კვლევის მსვლელობის ბოლომდე საპროექტო ჯგუფები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან. შედგა შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან.
შესრულებული კვლევებით გამოვლინდა გამოწვევები, მრავალფაქტორული ანალიზით შეფასდა ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები, საფრთხეები, რიცხვითი მონაცემები, მიმდებარე მუნიციპალიტეტებთან სოციალური და ეკონომიკური კავშირები.
საპროექტო ჯგუფმა შესრულებული სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაცია სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა.
შესრულებული წინასაპროექტო-მოსამზადებელი კვლევების შედეგები საბაზისო მასალების ერთობლიობაა, რომელთა საფუძველზე, სამომავლოდ, ქალაქ ახალციხის მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგიული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია შემუშავდება.
უახლესი