რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადველში მდებარე ღვინის კომპანია ,,მენაბდე“ წელს მთლიანად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ილია მენაბდე Business Insider Georgia - თან ამბობს, პროდუქცია გავა აშშ-ში, დანიაში, საფრანგეთსა და სხვა, რასაც სამომავლოდ ახალი ბაზრები დაემატება.
,,მეღვინეობისთვის წელს რთული სეზონია უამინდობის გამო. შესაბამისად, გეგმა შეგვეცვალა, თუმცა დანაკარგის კომპენსირებას მეტნაკლებად ვახერხებთ. გადავწყვიტეთ, რომ ადგილობრივი ფერმერებისგან შევიძინოთ ყურძენი, რაც შეეხება გადამუშავებას, ჯამში 5 000 ბოთლის ჩამოსხმას ვგეგმავთ. ამასთან კომპანიის გეგმაშია ახალი ვენახების გაშენება და წარმოების გაორმაგება, რაზეც თადარიგს მომავალი სეზონიდან დავიჭერთ. სისტემატურად გვაქვს შეთავაზება და ღვინოებს ვყიდით აშშ-ში, საფრანგეთსა და დანიაში. ჩვენ წარმოებით ჯერჯერობით ამ ბაზრებს ვაკმაყოფილებთ. არის მოთხოვნა გერმანიიდანაც.
ახალი ვენახების გაშენების შემთხვევაში, გვექნება რეალური შესაძლებლობა, რომ წარმოება 10 000 ბოთლამდე გავზარდოთ, რაც იქნება უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, ამ ნიშას ბოლომდე შევინარჩუნებთ“, - ამბობს ილია მენაბდე.
შეგახსენებთ, რომ რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ყურძნის კრეფა-დაბინავება დაიწყო. მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი 1500-2000 ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავების პროცესში 40-ზე მეტი კომპანია იქნება ჩართული. რთველი 2023-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.
უახლესი