„ლილო მოლის“ სავაჭრო ცენტრის დირექტორი გიორგი კვარაცხელია Business Insider Georgia-სთან აცხადებს, რომ თბილისის მერიამ უკვე დაამტკიცა გენგეგმა და უწყებაში შეიტანეს პროექტი, რომლის საფუძველზე ახალი სავაჭრო ცენტრი უნდა აშენდეს.
„სავარაუდოდ ერთ თვეში მივიღებთ მშენებლობის ნებართვას და პროცესიც დაიწყება. სავაჭრო ცენტრი აშენდება „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე. აშენდება ორ სართულიანი სამი შენობა და დაახლოებით 4 500 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება. სავაჭრო სივრცეში განლაგებულ მაღაზიებში წარმოდგენილი იქნებიან ბრენდები და ასევე ფიზიკური პირებიც შეძლებენ ფართების დაქირავებას. ახალ სავაჭრო ცენტრს ჩვენი თანამონაწილეობით, ქვეკონტრაქტორი სამშენებლო კომპანია ააშენებს“, - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ ,,ლილო მოლი" წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. სავაჭრო ცენტრში 5000-ზე მეტი ობიექტია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს.
ცნობისთვის, შპს „ელსავაკო“ 1995 წლის 21 დეკემბერს დარეგისტრირდა. 2011 წლის მაისში კი შეიცვალა სახელწოდება და გახდა შპს „ლილო მოლი“. 2008 წლის დეკემბერში მოხდა შერწყმა შპს „სეტ-ლისთან“, ხოლო 2014 წლის 2 მარტს - შპს „გიდარასთან“. ბიზნესრეესტრის მონაცემებით, „ლილო მოლის“ მფლობელები არიან - ლევან გაგუა - 1%; ნიკოლოზ უსანეთაშვილი - 1.5%; კონსტანტინე კაპანაძე - 8.525%; დავით გავაშელი - 2.285%, მარიკა გავაშელი - 2%, დავითი გაგუა - 2%; ილია ბადრიაშვილი - 0.5%; ლევან ანდღულაძე - 1% ბაჩო კაპანაძე - 2%; გიორგი კვარაცხელია - 0.46%; იოსებ საყვარელიძე /ნიდერლანდები/ - 15.485%.
უახლესი
41 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა