ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. პროექტი გარემოსთან ადაპტირებულ ღია მანეჟს, დახურულ თავლას, ამფითეატრს, ადმინისტრაციულ ცენტრსა და წრიულ საცხენოსნო ბილიკებს ითვალისწინებს.
ერთ ჰექტარზე მოწყობილ ღია მანეჟში შესაძლებელი იქნება, როგორც მოყვარულების, ისე პროფესიონალების ჯირითი.
ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. როგორც Business Insuder Georgia-თან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძე აცხადებს, აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ღორჯომის ხეობაში ახალი ტურისტული პროდუქტები გაჩნდება, რაც ხეობის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
„აჭარა თავისი ავთენტურობით, ალპური ზონით საკმაოდ გამორჩეულია და მაგრამ ღორჯომის ხეობა ეს ის ადგილია, სადაც ავთენტურობა ძალიან კარგადაა შენარჩუნებული, ის ადათ-წესები ტრადიციები. ასევე გამორჩეულია ხეობა იმ კუთხით, რომ თითქმის ყველა ოჯახში ჰყავთ ცხენი. თუმცა ცხენის ყოლა ტურისტულ პროდუქტად ადგილობრივებს ჯერ აღქმული არ აქვთ. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი რესურსი არსებობს ღორჯომის ხეობაში, გადავწყვიტეთ, რომ საცხენოსნო მიმართულებით განვითარება. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა ტრიბუნის, საცხენოსნო მანეჟის მოწყობა: როგორც საშუალო ასევე დიდი ზომის. ასევე დაგეგმილია თავლას, ავტოპარკინგის სივრცის მოწყობა და ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა. პროექტის მშენებლობის ნაწილში ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წინადადებების მიღება მიმდინარეობს.
ეს პროექტი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ წვლილი შევიტანოთ ღორჯომის ხეობის ტურიზმის განვითარებაში. რაც თავის მხრივ აისახება ადგილობრივების კეთილდღეობაზე. გაჩნდება ბევრი ტურისტული პროდუქტები. ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივებს შევუქმნათ იმის მოტივაცია, რომ თავიანთი ტურისტული პროდუქტები შექმნან და მოვახდინოთ ტურისტების მიგრაცია ღორჯომის ხეობისკენ“, - აცხადებს ლელა გოგუაძე.
მისი თქმით, ამ დროისათვის ხეობაში 15-მდე გესტჰაუსია, მაგრამ დაგეგმილი ინფრასტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ მათი რაოდენობა ხეობაში გაორმაგდეს.
სატენდერო წინადადებების მიხედვით, სამუშაოების შესრულების ვადად 2024 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდი განისაზღვრება.
სამშენებლო ობიექტის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით 2023 წლის 1 ნოემბრიდან 2024 წლის 1 მაისამდე პერიოდი ვალდებულების შესრულების ვადაში არ ითვლება. ამ პერიოდში სამუშაოები წარმოება უნდა შეჩერდეს.
რაც შეეხება პროექტის ბიუჯეტს, სატენდერო პირობების მიხედვით, 710 ათასი ლარია,
პროექტის განხორციელების შედეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების და ჩემპიონატების მოწყობაც იქნება შესაძლებელი.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ღორჯომის ხეობას საცხენოსნო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით ღორჯომში თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ცხენი, რომელთა რაოდენობა ჯამში 150-მდე აღწევს. ხეობას აქვს უნიკალური ლანდშაფტი და სათავგადასავლოდ მიმზიდველი გარდამავალი, საფეხმავლო მარშრუტები, რაც იდეალურია ცხენით სასეირნოდ და ბუნების დასათვალიერებლად. ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან დაახლოებით 12 კმ.-ში მდებარეობს. ის უძველესი ტრადიციებით და შენარჩუნებული ავთენტურობით გამოირჩევა. ხეობაში დღემდე მრავლად ვხვდებით ძველი წესით ნაშენებ ხის ოდებს. ტურისტულად საინტერესო ობიექტებს შორის აღსანიშნავია სოფლის ცენტრში მოქმედი ხის მეჩეთი და ჩანჩქერები.
უახლესი
3 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება