2023 წლის IV კვარტალში, 2023 წლის III კვარტალთან შედარებით, BAG ბიზნეს კლიმატი 4.5 ქულით გაუარესდა. აღნიშნულ პერიოდში, გამოკითხული კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუარესდა 6.1 ქულით, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი გაუარესდა 2.8 ქულით.
2023 წლის IV კვარტლის შედეგები ასევე გაუარესებულია 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით, როდესაც BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 44.4-ს, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 37.6-ს, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის ქულა 51.4-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის I კვარტლიდან BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი დადებითია და 2023 წლის III კვარტლამდე უმჯობესდებოდა.
BAG ბიზნეს კლიმატი სექტორების მიხედვით
2023 წლის IV კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია.
2023 წლის IV კვარტალში, 2023 წლის III კვარტალთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი გაუმჯობესდა მომსახურების სექტორში, ხოლო ვაჭრობის, მრეწველობისა და მშენებლობის სექტორებში გაუარესდა.
2023 წლის IV კვარტალში, 2023 წლის III კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუარესდა ოთხივე - მრეწველობის (-21.7 ქულით), ვაჭრობის (-7.7 ქულით), მშენებლობისა (-5.5 ქულით) და მომსახურების (-0.9 ქულით) სექტორებში.
სექტორებს შორის, მიმდინარე მდგომარეობა ყველაზე დადებითად შეფასდა ვაჭრობის სექტორის მიერ. აღნიშნულს შესაძლოა, განაპირობებდეს სექტორში გაზრდილი გაყიდვები (ვაჭრობის სექტორში კომპანიათა 55.6%-მა დააფიქსირა 2023 წლის IV კვარტალში გაყიდვების ზრდა).
რაც შეეხება ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, 2023 წლის IV კვარტალში, მაჩვენებელი დადებითია ყველა სექტორისთვის. სექტორებს შორის ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი მრეწველობის სექტორში ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის III კვარტალთან შედარებით, გაუარესება შეინიშნება ვაჭრობისა (-12.9 ქულა) და მშენებლობის (-21.8 ქულა) სექტორებში, ხოლო მოლოდინები გაუმჯობესებულია მრეწველობისა (6.7 ქულა) და მომსახურების (7.5 ქულა) სექტორებში.
ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორები
2023 წლის IV კვარტალში, 2023 წლის III კვარტალთან შედარებით, გაიზარდა იმ კომპანიების წილი (7 პროცენტული პუნქტით), რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი 6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით.
2023 წლის IV კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია: სპეციალისტების ნაკლებობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სამუშაო ძალის ნაკლებობა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და მოთხოვნის სიმცირე.
მოცემულ კვარტალში, პრობლემათა შორის პირველი ადგილი სპეციალისტების ნაკლებობამ დაიკავა (აღნიშნულ პრობლემას კომპანიათა 63% ასახელებს ხელის შემშლელად).
სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორის კომპანიებისთვის (ყველა გამოკითხულმა კომპანიამ, რომლისთვისაც არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები, აღნიშნული პრობლემა დაასახელა ხელის შემშლელად) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი ვაჭრობის სექტორისთვის (38%) (იხილეთ გრაფიკი 12). საწარმოს ზომის მიხედვით5, ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიები ასახელებენ აღნიშნულ ფაქტორს ხელის შემშლელად (36%)
2023 წლის IV კვარტალში, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 49%-მა დაასახელა. სექტორებს შორის, აღნიშნული პრობლემა ყველაზე მწვავე მშენებლობის სექტორისთვისაა (60%), ხოლო ყველაზე ნაკლებად - მომსახურების სექტორისთვის (46%). საწარმოთა ზომის მიხედვით, აღნიშნული ფაქტორი ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (33%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).
2023 წლის IV კვარტალში, სამუშაო ძალის ნაკლებობა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 43%-მა დაასახელა. სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავე მშენებლობის სექტორისთვისაა (80%). საწარმოთა ზომის მიხედვით, სამუშაო ძალის ნაკლებობა ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (29%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).
2023 წლის IV კვარტალში, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 35%-მა დაასახელა. სექტორებს შორის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორის კომპანიებისთვის (ყველა გამოკითხულმა კომპანიამ, რომლისთვისაც არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები, აღნიშნული პრობლემა დაასახელა ხელის შემშლელად) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი მომსახურების სექტორისთვის (17%). საწარმოს ზომის მიხედვით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად მცირე ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (30%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).
2023 წლის IV კვარტალში, მოთხოვნის სიმცირე ხელის შემშლელად გამოკითხულ კომპანიათა 18%-მა დაასახელა. მოთხოვნის სიმცირე, როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი, ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორის (33%) მიერ ფიქსირდება. საწარმოთა ზომის მიხედვით, მოთხოვნის სიმცირის პრობლემა ყველაზე მეტად მცირე ზომის კომპანიებს აქვთ (15%)
ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის, წინა კვარტალთან შედარებით, ყველაზე მეტად სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა შემსუბუქდა (6 პროცენტული პუნქტით). ხოლო ყველაზე მეტად მოთხოვნის სიმცირის პრობლემა გამძაფრდა (7 პროცენტული პუნქტით)
ბიზნესისთვის სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერების განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორები
2023 წლის IV კვარტალში, იმ კომპანიათა უმეტესობამ, რომლებმაც სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები დაასახელეს ხელის შემშლელ ფაქტორად, წინა პერიოდების მსგავსად, მარეგულირებელი გარემო მიიჩნიეს ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერად, რაც ხელს უშლის მათ ბიზნესსაქმიანობას.
სექტორებს შორის, მარეგულირებელი გარემო ხელის შემშლელ ფაქტორად ყველაზე მეტად დასახელდა მომსახურების სექტორში (92%), ხოლო აღნიშნული ფაქტორი ყველაზე ნაკლებად მშენებლობისა და ვაჭრობის სექტორების მიერ სახელდება (50%).
სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს შორის, მეორე ადგილს ადმინისტრაციული საკითხები იკავებს. აღნიშნული ფაქტორი სექტორებს შორის, ხელის შემშლელ ფაქტორად ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა (100%), ხოლო ყველაზე ნაკლებად მშენებლობის სექტორში (0%). რაც შეეხება სასამართლო სისტემას, აღნიშნული ფაქტორი ხელის შემშლელად ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა (75%), ხოლო ყველაზე ნაკლებად მრეწველობის სექტორში (0%)
დაფინანსება 2023 წლის IV კვარტალში, დაფინანსების მოძიება სცადა გამოკითხულ კომპანიათა 48%-მა, რაც წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია (7 პროცენტული პუნქტით) (იხილეთ გრაფიკი 17). 2023 წლის IV კვარტალში, მათგან, ვინც ბოლო პერიოდში დაფინანსების მოძიება სცადა, 19% აცხადებს, რომ ფინანსებზე წვდომა პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით შემცირებულია (5 პროცენტული პუნქტით)
რაც შეეხება ბიზნესის დაფინანსების წყაროებს8, 2023 წლის IV კვარტალში, წინა პერიოდების მსგავსად, კომპანიათა უმეტესობის განცხადებით, ისინი ფინანსდებიან ადგილობრივი წყაროებიდან. ამასთან იმ კომპანიათა პროცენტული წილი, რომლებიც მხოლოდ უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან, 2023 წლის IV კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე. კითხვარის მეშვეობით კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს.
კომპანიები, ასევე, აფასებენ გაყიდვების, გაყიდვების ფასების, დასაქმებულთა რაოდენობის და დასაქმებულთა ანაზღაურების ცვლილებას გასულ და მიმდინარე კვარტლებში და აფიქსირებენ მოლოდინს მომდევნო კვარტლისთვის. დამატებით, კომპანიები ასახელებენ თავიანთი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებს, აფიქსირებენ გაცვლითი კურსის შესახებ არსებულ მოლოდინს, და აფასებენ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. მიმდინარე კვარტალში კომპანიებმა ასევე შეაფასეს შრომითი რესურსების საჭიროება. აღნიშნული ინდექსის ფარგლებში, BAG-ის წევრები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები გადანაწილდა ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. 2023 წლის მეოთხე კვარტლის გამოკითხვა ჩატარდა 2023 წლის 20 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა