ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ახალი კომპანია იქმნება, მაგრამ მათ დიდ ნაწილს ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრება უჭირს. ამის მიზეზი ხშირად ისაა, რომ ბიზნესის სწორად მართვას გარკვეული ცოდნა სჭირდება. სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესების გასაძლიერებლად და მათთვის ყოველდღიური პროცესების გასამარტივებლად, საქართველოს ბანკმა უფასო საგანმანათლებლო პლატფორმა ბიზნესკურსი შექმნა.
პლატფორმა მუდმივად ახლდება. ის უკვე 45 კურსს აერთიანებს ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვის, გაყიდვების თუ სხვა საკითხების შესახებ. პლატფორმა ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს განვითარების, ინფორმაციის მიღებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის შესაძლებლობას.
ამ სტატიაში გიამბობთ იმ კურსებზე, რომლებიც ახალბედა ბიზნესმენებსა და მეწარმეებს საქმიანობის ოპტიმიზაციაში განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს.
მეწარმეობის საწყისები საქართველოს ბანკმა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) პარტნიორობით შექმნა და მას Cresco Consulting-ის დამფუძნებელი, ფინანსისტი, ეკატერინე პაპიაშვილი უძღვება. კურსი მათთვისაა, ვისაც სურს, გაიგოს რა ფორმით დაარეგისტრიროს კომპანია, რა იურიდიულ-სამართლებრივი ნიუანსები გაითვალისწინოს ამ პროცესში, რა გადასახადები ეხება ბიზნესებს და სხვა. კურსი საბაზისო ეტაპზე ერთგვარ გზამკვლევად გამოდგება, რადგან დაინტერესებულ პირებს საქართველოში საქმიანობის წამოწყებასა და მართვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და პროცედურებზე წარმოდგენას უქმნის.
ბიზნესის სამყაროში ბევრი თანხმდება, რომ სწორი გეგმის გარეშე კომპანიებს დასახული მიზნების მიღწევა უჭირთ. სწორედ ამ პრობლემაზე საპასუხოდ შეიქმნა ბიზნესკურსი როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა, რომლის საშუალებით ახალბედა მეწარმეები გაიგებენ, რა ტიპის ბიზნეს გეგმა არსებობს, რა ელემენტებისგან შედგება ის, როგორ აწარმოონ ფინანსური ანგარიშგება და სხვა. გარდა ამისა, კურსზე დარეგისტრირებულთათვის ხელმისაწვდომია ბიზნეს გეგმის შაბლონი და ფინანსური ანგარიშგებების მოსამზადებელი ხელსაწყო - პრაქტიკული დოკუმენტები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესებს განსაკუთრებით გამოადგებათ.
ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ან მეწარმეობით დაინტერესებულ პირებს უჩნდებათ, სწორედ ესაა: როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება? ამ კურსის დახმარებით, დაფინანსების მიღების შესაძლებლობების გარდა, ბიზნესის წარმომადგენლები გაიგებენ, როგორ განსაზღვრონ რისკები, შეაფასონ კონკურენცია ბაზარზე, მოამზადონ საგრანტო განაცხადი და სხვა. კურსი განკუთვნილია როგორც ტურიზმის, ასევე წარმოების, ტექნოლოგიური, მწვანე და სხვა ბიზნესებისთვის. კურსს ლარისა პატარაია, საკონსულტაციო - კვლევითი კომპანიის, Start – Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი უძღვება.
თანამშრომლების შერჩევა ყველა ტიპის ბიზნესისთვის საინტერესო საკითხია, სწორედ ამიტომ ამ ბიზნესკურსზე HR მენეჯერი, საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი, მედეა ტაბატაძე მიმოიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა, პროცესის დაგეგმვა, ინტერვიუ, მოტივატორები და სუბიექტური ფაქტორები თანამშრომლის შერჩევისას და სხვა.
მათ, ვისაც სურს გაიუმჯობესოს მოლაპარაკების უნარები და დანერგოს ეფექტური პრაქტიკა გაყიდვების მიმართულებით, ეს კურსი აუცილებლად გამოადგებათ. კურსი საინტერესოა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის, საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ან, უბრალოდ, გაყიდვების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის. კურსს უძღვება ნანა აბურჯანიძე, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „სოლუშენერის“ დამფუძნებელი.
ეს ბიზნესკურსის პლატფორმაზე განთავსებული კურსების მხოლოდ მცირე ნაწილია. ნახეთ სრული სია ამ ბმულზე, აღმოაჩინეთ თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული კურსი და გაიზიარეთ ცოდნა და გამოცდილება დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან.
უახლესი