ჩვენი გეგმები და ამბიციები განხორციელდება 2050 წლამდე, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ქვეყნისთვის აეროპორტი ისტორიული პროექტია და შესაბამისად, როდესაც ხდება დაგეგმარება მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ძალიან გრძელ ვადაზე გათვლილი ინფრასტრუქტურული პროექტი, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
როგორც ქვრივიშვილი განმარტავს, ახალი აეროპორტი ყოველწლიურად 19 მლნ მგზავრია გატარებას შეძლებს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკურმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მოხდება არსებული, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რელოკაცია და სრულიად ახალი აეროპორტი ვაზიანის ტერიტორიაზე აშენდება.
საწყის ეტაპზე უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, ტექნიკური ისევე როგორც მიზანშეწონილობის კვლევები. რა თქმა უნდა ჩვენ გვქონდა არჩევანი გასაკეთებელი 2 ძირითად გადაწყვეტილებას შორის: პირველი, შეგვეძლო თუ არა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარება, რომელიც გრძელვადიან პირობებში უპასუხებდა იმ მოთხოვნას, იმ ზრდის დინამიკასა და იმ ტექნიკურ ამოცანებს, რომელსაც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ჩვენი ქვეყნის მთავარი აეროპორტი.
მეორეს მხრივ, თუ რას მიიღებდა სახელმწიფო, რამხელა გამტარუნარიანობის აეროპორტს, დამატებით რა საავიაციო, ტურისტულ თუ ეკონომიკურ სარგებელს, თუ კი მოხდებოდა აეროპორტის რელოკაცია.
შესაბამისად ამ ორი გადაწყვეტილების გარშემო გაკეთდა არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს, რომლის მხარდაჭერისა და ჩართულობით ჩამოყვანილი გვყავდა ექსპერტთა გუნდი, ასევე დიდი წვლილი აქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების გუნდს იმაში, რომ მოხდა ძალიან სწორი ფორმულირება ორი ძირითადი კრიტერიუმის: პირველი ეს გახლავთ წმინდა საავიაციო მოთხოვნები, რა არის ის მგზავრთნაკადი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მომდევნო წლების განმავლობაში მიიღებს. მეორე, რა ეკონომიკურ სარგებელს მიიღებდა ჩვენი ქვეყანა, და ცხადია, ამ ტექნიკური ანალიზების საფუძველზე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაზიანის ტერიტორიაზე აეროპორტის რელოკაცია იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი გადაწყვეტილება.
ჩვენი გეგმები და ჩვენი ამბიციები სწორდება 2050 წლამდე, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ქვეყნისთვის აეროპორტი არის ისტორიული პროექტი და შესაბამისად, როდესაც ხდება აეროპორტის დაგეგმარება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ძალიან გრძელ ვადაზე გათვლილი ინფრასტრუქტურული პროექტი. შესაბამისად 2025 წლამდე არსებობს შეფასებები, რის ფარგლებშიც ნათლად ჩანს, რომ თუ კი საქართველო განაგრძობს მინიმუმ არსებული ზრდის ტემპით განვითარებას, საქართველო შეძლებს, რომ 19 მლნ მგზავრზე მეტი გაატაროს ქვეყნის მთავარ აეროპორტში.
აქვე უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ძალიან ამბიციური გეგმა. ეს არის ის გეგმა, რომელიც საქართველოს ნამდვილად შეუძლია, რომ შეასრულოს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ მეტწილად დამოკიდებული ვართ საერთაშორისო ავიაკომპანიებზე. იმედი გაქვს, რომ საქართველოში იქნებიან ძლიერი ქართული ავიაკომპანიები და ისინი ამ პროგრესს კიდევ უფრო დააჩქარებენ, რადგანაც ხელს შეუწყობენ მგზავრთნაკადის შემოყვანას ქვეყანაში. ანუ ჩვენს სწორებას 2050 წლამდე ვაკეთებთ 19 მლნ-იან მგზავრნაკადზე“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
უახლესი