საქართველოსთვის ტურიზმის სექტორის გაძლიერება და ამ მიმართულებით ქვეყნის პოტენციალის ათვისება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. როგორც “სამთავრობო პროგრამა 2025-2028“-ში წერია, ბოლო წლების განმავლობაში აქცენტი გაკეთდა ახალი ტურისტული ბაზრების ათვისებასა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
მათ შორის, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების მიზნით.
„საქართველოს სასტუმროების ბაზარს შეემატება 310-ზე მეტი განთავსების ობიექტი, 34 700-ზე მეტი საწოლი ადგილით. შედეგად, 2 680-ამდე გაიზრდება სასტუმროების რაოდენობა, ხოლო საწოლი ადგილების რაოდენობა გაიზრდება 142 700-ამდე.
გარდა ამისა, შემდგომი 4 წლის განმავლობაში კერძო ინვესტიციების ოდენობა სასტუმროების სექტორში დაახლოებით 1 მილიარდ ლარს გაუტოლდება.
ამასთან, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სახელმწიფო მომდევნო 4 წლის განმავლობაში 1 მლრდ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. განხორციელდება მიზნობრივი კამპანიები და სხვადასხვა აქტივობა წამყვან საერთაშორისო მედიასაშუალებებთან, რომლებიც ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად მოიცავს ახალ სამიზნე ბაზრებს, როგორიცაა: ინდოეთი, ჩინეთი, აშშ და სხვა ქვეყნები.
მთავრობა ხელს შეუწყობს ახალი, ოთხსეზონიანი კურორტების განვითარებას რაჭაში, მრავალძალისა და სხარტალი-ბეთლევის ტერიტორიებზე. ასევე შემუშავდება კურორტების კონცეფცია და განხორციელდება ინვესტიციების მოზიდვა. გარდა ამისა, განვითარდება განთავსების ობიექტები და სხვა სერვისები. საქართველოს მთის კურორტების განვითარების მიზნით, გაგრძელდება ზამთრის სამთოსათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია, მეტი შიდა და უცხოელი ტურისტის მოზიდვის მიზნით.
განხორციელდება ახალი საბაგიროს მშენებლობა/მონტაჟი და მოეწყობა ახალი სასრიალო ტრასები გუდაურსა (დაახლოებით, 8 კმ) და კურორტ გოდერძიზე (დაახლოებით, 6 კმ). დამატებით, გუდაურში დამონტაჟდება 3 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა. გარდა ამისა, ახალი სასრიალო ტრასები მოეწყობა ბაკურიანში (3 კმ) და ჰაწვალის მთაზე (დაახლოებით, 6 კმ). დაგეგმილია მასშტაბური პილიგრიმული პროექტის − „წმინდა ნინოს გზა“ − გზის ბილიკის განვითარება, რომლის მანძილი 600 კმ-ზე მეტია (ფოკადან ბოდბემდე), რომელიც 12 მუნიციპალიტეტს და 16 ეპარქიის ტერიტორიას მოიცავს.
მთავრობის მიერ დაგეგმილი ქმედებების შედეგად, 2028 წლისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6,4 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 11 მილიონამდე გაიზრდება“, - აღნიშნულია სამთავრობო პროგრამაში.
უახლესი