მოცვის წარმოება საქართველოში 2019-23 წლებში 8.5-ჯერ გაიზარდა 4.0 მილიონ კგ-მდე. ზრდა განაპირობა სამთავრობო და დონორების პროგრამებმა. ამის შესახებ ნათქვამია მიმოხილვაში „ლურჯი მოცვის ბიზნესი საქართველოში“, რომელიც გალტ & თაგარტმა მოამზადა.
მიმოხილვის თანახმად, 2022 წელს მოცვის გაშენებულმა ფართობმა 2,000 ჰექტარს მიაღწია.
მოცვის ბაღები გაშენების მე-2 წლიდან უკვე იძლევიან გარკვეულ მოსავალს, თუმცა მაქსიმალური მოსავლიანობა 4-7 წელში მიიღწევა.
IBO-ს შეფასებით, საქართველოში მოცვის მოსავლიანობა ჰექტარზე 14.5 ტონაა. შესაბამისად, ამჟამინდელი გაშენებული ფართობის გათვალისწინებით, სხვა ბაღების დამატების გარეშეც კი, 2027 წლისთვის საქართველოს მოცვის წარმოება დაახლოებით 25 მილიონ კგ-ს მიაღწევს.
მოცვის წარმოება საქართველოში
ყველაზე დიდი რაოდენობის მოცვის ბაღები სამეგრელოშია გაშენებული და ამ რეგიონზე ჯამური გაშენებული ბაღების ფართობის ნახევარი მოდის.
ყველაზე ადრე მოსავალი მოდის იმერეთში და გურიაში, ხოლო სამეგრელოში ყველაზე დიდხანს გრძელდება მოსავლის აღება.
სოფლის განვითარების სააგენტოს მიხედვით, მოცვის ბაღების საშუალო ინვესტიცია 1 ჰექტარზე 30.9 ათას ლარს შეადგენდა 2017-22 წლებში, ხოლო 2022 წელს საშუალო საინვესტიციო ღირებულება გაიზარდა ჰექტარზე 33.3 ათას ლარამდე.
მოცვის ექსპორტი
2023 წელს მოცვის ექსპორტიდან შემოსავალი გაორმაგდა და 18.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა .
საქართველოდან მოცვის ექსპორტი დაიწყო 2019 წელს და ყოველწლიურად ორმაგდებოდა როგორც რაოდენობრივად, ასევე თანხობრივად. 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, მოცვის ექსპორტმა 18.2 მლნ აშშ დოლარი და 3.0 მლნ კგ შეადგინა, რაც 2.1-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებლებს.
მოსავლის აღების სეზონიდან გამომდინარე, საექსპორტო თვეები 2023 წელსაც ივნისი და ივლისი იყო. საშუალო საექსპორტო ფასი ივნისში იყო კგ-ზე 6.3 აშშ დოლარი, ხოლო ივლისში კგ-ზე 5.5 აშშ დოლარი. აღნიშნული თვიური კლება გლობალური ტენდენციებიდან გამომდინარეობს (იხ. გვერდი 8).
მოცვის ექსპორტის უმეტესი ნაწილი (ჯამური ღირებულების 91.7%) გავიდა რუსეთში 2023 წლის 7 თვეში. დანარჩენი 8.3%-დან 3.0% გავიდა სომხეთში, 2.3% ევროკავშირის ქვეყნებში (პოლონეთი, ნიდერლანდები, გერმანია), 1.9% არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და 1.1% სხვა ქვეყნებში.
მოცვის ფასები
საქართველოში ლურჯი მოცვის საბითუმო ფასები 2023 წელს 20 ლარით დაიწყო და 5.5 ლარამდე შემცირდა.
ლურჯი მოცვის ფასი როგორც საბითუმო, ასევე საცალო ბაზარზე, მკვეთრად სეზონურია. 2023 წლის 2 ივნისის კვირაში ფასი იყო 20 ლარი/კგ-ზე, ივლისის ბოლოს ფასი კგ-ზე 5.5 ლარამდე ჩამოვიდა. მოცვის ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მიწოდების რაოდენობას, მოთხოვნას როგორც ადგილობრივი ასევე საექსპორტო ბაზრებიდან, ვალუტის კურსს და გლობალურ ტენდენციებს. 2023 წლის დაბალი ფასი (წინა წლებთან შედარებით) ნაწილობრივ ლარის გამყარებითაც აიხსნება.
უახლესი