დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2025 წლიდან თიბისი ბანკს ახალი სათავო ოფისი ექნება

2025 წლიდან თიბისი ბანკს ახალი სათავო ოფისი ექნება

13-11-2024 10:28:00

2025 წლიდან თიბისი ბანკს ახალი და რაც მთავარია უნიკალური დიზაინის სათავო ოფისი ექნება, რომელიც უახლოესი და სუპერთანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.

როგორც Business Insider Georgia-სთან თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსმა გვანცა მურღვლიანმა განაცხადა, შენობის არქიტექტურაზე მსოფლიო დონის არქიტექტურულმა კომპანია UN Studio-მ იმუშავა.

თანამედროვე დიზაინისა და გამორჩეული არქიტექტურის მქონე შენობა 8.7 ჰექტარზეა განლაგებული, რომელიც ჯამში 2000-მდე თანამშრომელზეა გათვლილი.

„თიბისის ახალი სათავო ოფისი ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება, რომელიც ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან ჩანს. ეს არის შუშის ძალიან ლამაზი შენობა და შედგება ორი კოშკის ტიპის ნაგებობისგან. პროექტის ავტორია მსოფლიო დონის ნიდერლანდური არქიტექტურული კომპანია UN Studio. გეტყვით, რომ UN Studio-ს მიერაა დაპროექტებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. პროექტზე ქართველ არქიტექტორებს არ უმუშავიათ და მართლაც, რომ განსხვავებული ტიპის პროექტი გამოვიდა და ჩვენ პრეტენზია გაქვს, რომ ასეთი ტიპის პროექტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც კი არ არის“, - განმარტავს გვანცა მურღვლიანი.

ირკვევა, რომ თიბისის თანამშრომლები ახალ სათავო ოფისში მომავალი წლის ზაფხულიდან შეუდგებიან მუშაობას.

„ახალ სათავო ოფისში გადასვლა იგეგმება 2025 წლის ზაფხულში. ეს ოფისი აღჭურვილი იქნება ყველანაირი თანამედროვე აღჭურვილობით. სამუშაო გარემოს დაგეგმვაში ასევე ნიდერლანდური კომპანია YNNO დაგვეხმარა. აღნიშნული კომპანია რეალურად დაგვეხმარა იმაში, თუ როგორ უნდა დაგვეგეგმარებინა შიდა სივრცეები ისე, რომ ნებისმიერი ტიპის თანამშრომლის ინტერესს ყოფილიყო მორგებული. მოგეხსენებათ, ჩვენი თანამშრომლები სხვადასხვა ტიპის საქმიანობით არიან დაკავებულნი; თანამშრომელთა  ნაწილის მუშაობის სპეციფიკა უფრო ანალიტიკურია და მეტ ფიქრი სჭირდება. გუნდის ნაწილს უფრო აქტიური სამუშაო დღე აქვს და მუდმივად გუნდთან ერთად ყოფნა და ბრეინსტორმინგი ესაჭიროება. ამიტომ YNNO-თან ერთად გავაკეთეთ თანამშრომლების საქმიანობის ანალიზი და გამოვყავით ზონები, თუ როგორ უნდა იყოს დაპროექტებული სამუშაო სივრცეები. ასევე, ამ შენობაში ჩვენს თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ისარგებლონ სპორტული დარბაზით. გვექნება საკვები პუნქტი, პარკინგი და ასევე გვექნება ძალიან საინტერესო კონცეფცია, ე.წ. ინოვაციების ლაბი, რომელიც ჩვენს თანამშრომლებს და ასევე გარედან შემოსულ სტუმრებსაც საშუალებას მისცემს, კრეატიულ და ინოვაციურ გარემოში იმუშაონ და შექმნან თავიანთი პროდუქტის პროტოტიპი, გატესტონ ეს პროდუქტი, ჩაატარონ ვორქშოპები, ჰაკათონები და ა.შ.. აქ ასევე ხელმისაწვდომი იქნება ტაბლოები, სადაც ლაივ რეჟიმში იქნება შესაძლებელი, ბანკის მნიშვნელოვანი და საჯარო პარამეტრების, რეპორტების გაცნობა. ნაგებობას საკმაოდ შთამბეჭდავი ლობის დიზაინი აქვს, რომელიც ევროპულ კომპანია „ტელარტს“ ეკუთვნის. ეს დიზაინი მთელი თავისი შინაარსით ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების და ადამიანების ინტერაქციის წახალისების საუკეთესო მაგალითია. აღნიშნულ კომპანიას საკმაოდ გამორჩეულ პროექტებზე აქვს ნამუშევარი, მაგალითად როგორიც იყო Expo 2020 Dubai, ძალიან ცნობილი ინტერაქციული მუზეუმები მათი გაკეთებულია და ასე შემდეგ. სადაც ტექნოლოგია, ადამიანი და ინოვაცია ერთმანეთს უნდა შეხვდეს, სწორედ ამას უზრუნველყოფს ეს კომპანია“, - აცხადებს თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი. 

თიბისის ახალი შენობის 90%-ი განკუთვნილი იქნება ბანკის თანამშრომლებისთვის, თუმცა დარჩენილი სივრცე დაეთმობა კლიენტების მომსახურებასაც. აქ იქნება სერვისცენტრი, რომელიც მოემსახურება კლიენტებს კორპორაციული, საინვესტიციო მიმართულებით და სხვა. 

„ახალ ოფისში იქნება ბევრი სიმწვანე - სართულებიც და მთელი ოფისი მოწყობილი იქნება ისე, რომ ადამიანს არ გაუჩნდეს იმის განცდა, რომ ეს მხოლოდ ოფისია. ეს იქნება ძალიან მწვანე სივრცე ბევრი მოსასვენებელი ადგილით, სადაც ადამიანს შეეძლება ჯანსაღ გარემოში მუშაობა. ასევე ჩვენს თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, დატკბნენ ულამაზესი ხედებით და იმუშაონ ვერანდიდან, ან ჩავიდნენ კეთილმოწყობილ ეზოში და იქედან იმუშაონ.

ამ შენობაში ყველა პირობა იქნება შექმნილი თანამშრომლის კეთილდღეობისა და კომფორტისთვის. ეს იქნება ინკლუზიური შენობა, რომელიც შშმ პირების საჭიროებებზე იქნება მორგებული. მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად შენობა აღჭურვილი იქნება ევროპული ხარისხის ავეჯით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ნებისმიერი ავეჯი ეს იქნება სკამი თუ სამუშაო მაგიდა, ყველაფერი არის შეკვეთილი ევროპაში, სადაც დაცულია მაღალი სტანდარტი. ასევე შენობაში დაცული იქნება რელიგიური უმცირესობების უფლებები და გვექნება სხვადასხბვა კონფესიის ადამიანებისთვის სამლოცველო ოთახები.

თიბისის ახალ სათავო ოფისს, პირველად საქართველოში ექნება სპეციალური ოთახი ქალებისთვის, რომლებიც დეკრეტული შვებულებიდან ახალდაბრუნებული არიან და სხვადასხვა პროცედურებს საჭიროებენ“, - ამბობს გვანცა მურღვლიანი.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე გადაწყვეტებთან ერთად კომპანიების საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის წილი იზრდება და როგორც თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, თიბისიც აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის გაქართულებაზე და მის პრაქტიკულ საქმიანობაში რეალიზაციაზე. 

,,ხელოვნური ინტელექტის გაქართულებაზე თიბისი ინტენსიურად მუშაობს. სულ ახლახან თანამშრომლებისთვის გავუშვით ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ხელსაწყო. ამ ეტაპზე არ ვიცით, რა დოზით იქნება წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტი სამუშაო პროცესში, მაგრამ ის შემიძლია გითხრათ, რომ ინოვაციების ლაბორატორიაში აუცილებლად იქნება ადგილი ხელოვნური ინტელექტის განსავითარებლად და გამოსაყენებლად,“, - ამბობს თიბისის წარმომადგენელი.

თიბისის ახალ სათავო ოფისში ასევე იქნება ჭკვიანი საკონფერენციო და შეხვედრების ოთახები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან თანამედროვე ტექნოლოგიებით. „ჩვენი შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ იმაზე, რომ ისეთი ტექნიკა მოიზიდონ, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“, - ამბობს გვანცა მურღვლიანი.

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები