კომპანია Golden Farms-ი, რომელიც ბაზარს უმაღლესი ხარისხის მოცვს აწვდის, საკუთარ პლანტაციებს სამეგრელოში, ხობსა და სენაკში ფლობს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის საოპერაციო დირექტორმა ლევან გაგუნაშვილმა განაცხადა, Golden Farms-ი დღეისათვის 48 ჰა პლანტაციას ფლობს, თუმცა მის ზრდას ამ ეტაპზე არ გეგმავს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, თავისუფალი მიწები ჯერ კიდევ არის, თუმცა ჯერ შესაბამისი ფინანსებია მოსაძიებელია. ასევე, დიდ პრობლემას წარმოადგენს მუშახელი.
„ჩვენ საქმიანობა 2020 წელს დავიწყეთ და დღეისათვის პლანტაციები 48 ჰა-ზე გვაქვს გაშენებული. 2024 წელს 120 ტონა მოსავალი ავიღეთ და ექსპორტზე ევროპასა და თურქეთში გავიტანეთ. რეალურად 2024 წელს 50%-ით მეტი მოსავალი მივიღეთ და 2025 წელს კი უფრო მეტს ველოდებით. ჩვენი გათვლებით მოსავალმა 200 ტონას უნდა გადააჭარბოს. ევროკავშირში მთავარი საექსპორტო ქვეყანა ჩვენთვის პოლონეთია“, - განმარტავს კომპანიის წარმომადგენელი.
ირკვევა, რომ Golden Farms-ი ბაზარს ზომიდან გამომდინარე გათვლებს ადგილობრივ ბაზარზე არ აკეთებს.
„ძალიან პატარა ბაზარია. ადგილობრივ ბაზარზე ძალიან ბევრი მოცვია, ბაზარი კი პატარაა. „პლანტას“ მიაქვს ხოლმე პროდუქცია ჩვენგან ძალიან მცირე რაოდენობით“, - ამბობს ლევან გაგუნაშვილი.
Golden Farms-ის საოპერაციო დირექტორის თქმით, ევროპაში 1 კგ მოცვის საშუალო ფასი 4-4,5 ევროა.
პლანტაციების გაშენების პარალელურად, კომპანია Golden Farms-მა სამაცივრე მეურნეობის მშენებლობაც განახორციელა.
„ამ ეტაპზე ყველა კამერა ათვისებული არ გვაქვს და 100 ტონა პროდუქციის შენახვა შეგვიძლია“, - ამბობს ლევან გაგუნაშვილი.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს Facebook-ის გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომელიც 2023 წლის 17 ივლისით თარიღდება, 2020 წელს, კომპანიამ Golden Farms 16 ჰექტარზე მოცვის თანამედროვე ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისათვის პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 250,000 ლარის ოდენობით თანადაფინანსება მიიღო, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მიღებულმა აგროსესხმა 850,000 ლარი შეადგინა.
კომპანიამ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად 3.5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი 500,000 ლარია და 1,2 მლნ ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. სამაცივრე მეურნეობას 250 ტონა ლურჯი მოცვის შენახვის შესაძლებლობა აქვს.
უახლესი
8 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა