3 ნოემბერს ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მეორე ვარიანტს წარუდგენს. თუ რა კორექტირება მოხდება ბიუჯეტის გადამუშავებულ, განახლებულ ვარიანტში ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.
2024 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი მთავრობის სხდომაზე 29 სექტემბერს განიხილეს და საკანონმდებლო ორგანოში 2 ოქტომბერს წარადგინეს, სადაც შემდგომ საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობდა.
როგორც 29 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, 2012 წელს ბიუჯეტი 8,5 მილიარდი ლარი იყო, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება. მთავრობის გათვლებით, დეფიციტი 2024 წელს 2,5%, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38,2% იქნება.
„რაც შეეხება 2024 წლის ბიუჯეტს, ასევე დაგეგმილია საკმაოდ კონსერვატიული მიდგომით. ჩვენ ჩადებული გვაქვს ეკონომიკის 5,2 %-ის ზრდა. საშუალო ვადიან პერიოდშიც რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის ასევე 5%; საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში 2,8%-ს შეადგენს; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი არის 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი; მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი, რაც, რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი პროგრესი.
აქვე, შედარებისთვის მინდა გავახსენო საზოგადოებას, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა, მათ შორის ბიუჯეტი იყო დაახლოებით 8,5 მილიარდი ლარი და მაშინ მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 27 მილიარდი. თითქმის გასამმაგება არის ბოლო 11-12 წელიწადში. 85 მილიარდზე მეტი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8600 დოლარს გადააჭარბებს გაისად.
წელს 8100 დოლარი იქნება უკვე და წლევანდელი ბიუჯეტიც, იცით, რომ საკმაოდ ამბიციური იყო. ასევე, გეტყვით იმასაც, რომ 2027 წლისთვის, ჩვენი პროგნოზით, მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 108 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს. აქვე, მინდა შევახსენო საზოგადოებას მაგალითისთვის, რომ ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8,5 მილიარდი ლარი, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი იქნება 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი. შედარებისთვის, იყო 8,5 მილიარდი ლარი 2012 წელს და 2024 ში იქნება 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი. აქაც გასამმაგება არის, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, ყველასთვის. დეფიციტს რაც შეეხება, გეტყვით, რომ ჩვენი გათვლებით ეს იქნება 2,5%, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38,2% იქნება 2024 წელს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც 2024 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის განმარტებით ბარათში ეწერა, პროექტი დაიგეგმა კონსერვატიული მიდგომით და გათვალისწინებულია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრები:
რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,2%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ს შეადგენს;
მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3%-ს შეადგენს და იგივე მაჩვენებელია შენარჩუნებულია მომდევნო წლებშიც;
საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია და 2,8%-ს შეადგენს;
ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 85,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 8 600 დოლარს აჭარბებს. 2027 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 108,0 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 10 900 დოლარს გადააჭარბებს;
ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 21,2 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 24,9%-ია;
ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ს 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 38,2%-ის ფარგლებშია.
2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 27,8 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა