2024 წლის იანვარში სრულად დავამთავრებთ ამ პროექტს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა დღეს Facebook-ზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა.
„შალიკაშვილის ხიდიდან დინამო სტადიონის მიმართულებით, მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულადაა შეცვლილი, ახალი ქსელია მოწყობილი. ასევე გაჩერების ადგილის მოწესრიგება მიმდინარეობს და უკვე ქვედა ფენის ასფალტია დაგებული, ხოლო მარცხენა მხარეს აქტიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ გარე განათების ახალი ქსელის მოწყობას. არსებული ქსელის საჰაერო სადენების მიწის ქვეშ ჩატანა შესაბამის არხებში მოხდება. გარდა ამისა ახლა „ჯივიპი“ მუშაობს წყალარინების სისტემის სრულ განახლებაზე“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მისი თქმით, 2024 წლის იანვარში სრულად დასრულდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი.
„ვამთავრებთ ამ პროექტს და ბიუჯეტი საგზაო მიმართულებით არის 30 მილიონი ლარი. ყველა კომპანია ვინც ამ ობიექტზეა, 24 საათიან რეჟიმში მუშაობას. ეს არის ყველაზე დიდი პროექტი მოცულობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ბენდელიანმა.
შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 28,4 მლნ ლარი, ხიდისთვის კი - 4,2 მლნ ლარი. თბილისში წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 19 აპრილს, გვიან ღამით დაიწყო.
უახლესი