მსოფლიო ბანკის ანგარიშის - გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები - თანახმად, მიმდინარე ათწლეული გარდამტეხი უნდა ყოფილიყო განვითარების მიმართულებით, თუმცა, პროგნოზების მიხედვით, 2024 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკა ანტირეკორდს დაამყარებს - გლობალური მშპ-ს ზრდის ტემპი ამ ათწლეულის პირველ ნახევარში ყველაზე დაბალი იქნება ბოლო 30 წლის განმავლობაში.
პროგნოზის თანახმად, გლობალური ეკონომიკური ზრდა ზედიზედ მესამე წელია იკლებს წინა წელს არსებული 2.6%-დან 2.4%-მდე 2024 წელს, რაც თითქმის სამი მეოთხედი პროცენტული ერთეულით დაბალია 2010 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. განვითარებად ქვეყნებში მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 3.9% იქნება, რაც წინა ათწლეულის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით ერთი პროცენტული ერთეულით ნაკლებია. გასული წლის არასახარბიელო მაჩვენებლების შემდეგ დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ 5.5%-ს მიაღწევს, რაც ადრე ნავარაუდევთან შედარებით დაბალია. 2024 წლის ბოლოსთვის ყოველი ოთხი განვითარებადი ქვეყნიდან ერთში და დაბალშემოსავლიანი ქვეყნების 40 პროცენტში მოსახლეობა გაცილებით ღარიბი იქნება ვიდრე 2019 წელს COVID პანდემიის დაწყებამდე. მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ზრდა წელს 1.2%-მდე შენელდება 2023 წლის 1.5%-იან მაჩვენებელთან შედარებით.
რეგიონული პერსპექტივები:
აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები: 2024 წელს რეგიონში ზრდა სავარაუდოდ 4.5%-მდე შემცირდება, ხოლო 2025 წელს 4.4%-მდე.
ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები: პროგნოზის მიხედვით, რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2024 წელს ზომიერ 2.4%-ის დონეზე შენარჩუნდება, სანამ 2025 წელს 2.7%-მდე მოიმატებს.
ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები: 2024 წელს მოსალოდნელია რეგიონული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ზრდა 2.3%-მდე, ხოლო 2025 წელს 2.5%-მდე.
ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები: პროგნოზის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა რეგიონში 2024 წელს 3.5%-მდე მოიმატებს და 2025 წელს ამ დონეზე შენარჩუნდება.
სამხრეთი აზიის ქვეყნები: ეკონომიკური ზრდა რეგიონში 2024 წელს, სავარაუდოდ, შენელდება 5.6%-მდე და 2025 წლისთვის 5.9%-მდე მოიმატებს.
საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნები: 2024 წელს მოსალოდნელია რეგიონში ეკონომიკური ზრდა 3.8%-მდე, ხოლო 2025 წელს მატება 4.1%-მდე.
უახლესი პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით, მომავალ წელს კი - 4.5%-ით გაიზრდება. ეს მონაცემები 2023 წლის ივნისის პროგნოზირებულზე, შესაბამისად 0.2 და 0.5 პროცენტული პუნქტებით ნაკლებია.
უახლესი
14 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს33 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”