2024 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო, განისაზღვრება 2 162,0 მლნ ლარით, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 2.5%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3%).
როგორც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში წერია, 2024 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 38.2%-ით, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების საორიენტაციო შეფასება (2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით) − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 0.1%-ით − ჯამი: მშპ-ის 38.3% (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%).
რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გაანგარიშებული ნაერთი ბიუჯეტის მოდიფიცირებულ დეფიციტს, მისი მოცულობა 2 172,0 მლნ ლარია და მშპ-ს 2,5%-ს შეადგენს.
როგორც დოკუმენტში „ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულები 2024-2027“ (BDD) წერია, პანდემიის შემდგომი ეკონომიკური აღდგენისა და გაუმჯობესებული პარამეტრების პარალელურად, 2022 წელს მთავრობის ვალი მნიშვნელოვნად შემცირდა და მშპ-ს 39.8% შეადგინა, რაც ვალის 10 პროცენტული პუნქტით შემცირებას გულისხმობს წინა წელთან შედარებით. აქედან, საგარეო ვალი 29.8, ხოლო საშინაო ვალი 10.0 პროცენტია.
2023 წლისთვის ვალის კიდევ უფრო, 38.4%- მდე შემცირებაა მოსალოდნელი, ძირითადად საგარეო ვალის შემცირების ხარჯზე, ხოლო 2024-2027 წლებში დაგეგმილია მთავრობის ვალის თანმიმდევრული კლება და 2027 წლისთვის 37.5 პროცენტამდე შემცირება.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის სხვა შემოსავლების წილი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ სავარაუდოდ 2.2%-ს გაუტოლდება, ხოლო არაფინანსური და ფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მისაღები თანხების მოცულობა მშპ-თან მიმართებაში შესაბამისად 0.4 და 0.3 პროცენტი იქნება.
უახლესი