„მსურს მივულოცო ჩემს ქვეყანას ეს დიდი გამარჯვება და აღიარება - საქართველომ, 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვებით მორიგ წარმატებას მიაღწია და საბოლოო ჯამში, ჩვენ ვნახავთ უფრო მეტად გაძლიერებულ ტურიზმის ინდუსტრიას, ასევე ავიაციის ინდუსტრიას და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებულ ეკონომიკას" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელმაც ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში მონაწილეობა მიიღო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 68-ე სხდომის მუშაობაში. კომისიის წევრმა 38-მა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი ქართული მხარის ინიციატივას 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში ჩატარების შესახებ.
მსოფლიო ტურიზმის დღე 30 წელზე მეტია ყოველწლიურად, სხვადასხვა კონტინენტზე იმართება. ეს არის ძალიან მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც მსოფლიოს ქვეყნებიდან წარმომადგენლობითი დელეგაციები მონაწილეობენ. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, კომისიის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელოვან როლს მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიაში, მის ცნობადობასა და პოტენციალს.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის სხდომას, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად ევროპის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და ტურიზმის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, ქართული მხრიდან ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდნენ.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა