ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ბოლო რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშის თანახმად, ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის ეკონომიკა, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს ძლიერ ზრდას 2023 წელს, რაც ანაზღაურებს განვითარებადი ევროპის შედარებით სუსტ მაჩვენებელს.
ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონის ნაწილებში, მოსალოდნელია, რომ უფრო ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები გამოწვეული იქნება ვაჭრობის მყარი ზრდისა და რუსეთიდან ფულადი გზავნილების დიდი ოდენობის გამო. განვითარებად ევროპაში, შენელება ასახავს ენერგიის მაღალ ფასებს, ხანგძლივ ინფლაციას (საშუალოდ 9.7 პროცენტი EBRD-ის რეგიონებში 2023 წლის ივლისში) და ნელ ზრდას განვითარებულ ევროპაში.
EBRD რეგიონების საერთო პროგნოზი
მოსალოდნელია, რომ EBRD-ის რეგიონებში ზრდა 2023 წელს შენელდება 2.4 პროცენტამდე 2022 წლის 3.3-დან. 2024 წელს, ინფლაციის შემსუბუქების გაგრძელებასთან ერთად, ზრდა, სავარაუდოდ, 3.2 პროცენტამდე გაიზრდება. მაჩვენებლები ასახავს 2023 წლის მაისის პროგნოზის 0,2 პროცენტული პუნქტის ზრდას და მომდევნო წლის პროგნოზის 0,2 პროცენტით შემცირებას.
EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა ბეატა იავორჩიკმა აღნიშნა: „ჩვენი ეკონომისტები ხედავენ EBRD-ის რეგიონებში ზრდის განსხვავებულ მოდელს. ცენტრალური აზიის ეკონომიკის ძლიერი ზრდა და ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ეკონომიკის სუსტი მაჩვენებლები ასახავს ენერგიის ფასების, ინფლაციისა და ვაჭრობის ცვლილებებს“.
მნიშვნელოვანი ცვლილებები
არსებობს მთელი რიგი ტენდენციები, რომლებიც გავლენას ახდენს უახლეს ეკონომიკურ პროგნოზზე.
გაზის მოხმარება განვითარებად ევროპაში 20 პროცენტზე მეტით შემცირდა 2022-23 წლების ზამთარში, რადგან რუსეთიდან გაზის შემცირებულმა მიწოდებამ ენერგიის გაცილებით მაღალი ფასები გამოიწვია. ნავთობისა და გაზის ფასები, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან ომის წინა მაჩვენებელზე დაბალია, კვლავ გავლენას ახდენს რეგიონის ზრდაზე.
ევროპულმა ინდუსტრიამ შეამცირა გაზის ინტენსიურად მომხმარებელი სექტორები, როგორიცაა სამშენებლო მასალები, ქიმიკატები, ძირითადი ლითონები და ქაღალდი, ხოლო წარმოება გაზარდა ნახშირბადის ნაკლებად ინტენსიურად მოხმარების სექტორებში, როგორიცაა ელექტრომოწყობილობა, ავტომობილების წარმოება და ფარმაცევტიკა.
მაგალითად, პოლონეთში, ძირითადი ლითონების წარმოება წელიწადში 18 პროცენტით შემცირდა, ხოლო ელექტრო მოწყობილობების წარმოება წელიწადში 21 პროცენტით გაიზარდა.
მთლიანობაში, ევროპაში მთლიანი სამრეწველო გამომუშავება მოსალოდნელზე დაბალია, რაც იწვევს შენელებულ ეკონომიკურ ზრდას. მიუხედავად ამისა, შრომის ბაზარი კვლავ მდგრადია და კომპანიები ინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს წარმოების სტრუქტურაში დიდი ცვლილებების მიუხედავად. ასევე, მაღალი ინფლაციის ფონზე, ნომინალური ხელფასები სწრაფად გაიზარდა ბევრ ეკონომიკაში. ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და უნგრეთში, ხელფასების ზრდამ გაუსწრო პროდუქტიულობის ზრდას, რამაც შეამცირა კონკურენტუნარიანობა.
ამის საპირისპიროდ, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ცალკეული ქვეყნების ეკონომიკის ზრდა 2022 წელს და 2023 წლის პირველ ნახევარში ძლიერი იყო. ეს გამოწვეული იყო შუალედური ვაჭრობით რუსეთში და ასევე მიგრაციის მაღალი დონით და რუსეთიდან შემდგომი ფულადი გზავნილების გამო, რამაც განაპირობა რეალური ხელფასის მძლავრი ზრდა.
რეგიონალური პროგნოზები
ცენტრალურ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაც საკვებისა და ენერგიის გაზრდილმა ფასებმა შეამცირა ოჯახების ბიუჯეტები და მცირე და საშუალო საწარმოების წვდომა ინვესტიციებისთვის დაფინანსებაზე, მოსალოდნელია, რომ ზრდა 2023 წელს იქნება საშუალოდ 0,5 პროცენტით, 2022 წლის 3,9 პროცენტიდან და 2024 წელს 2,5 პროცენტამდე გაიზრდება.
სუსტი გარემო და ინფლაციის გავლენა EBRD-ის ეკონომიკებზე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროკავშირში, მოსალოდნელია, რომ გამოიწვევს 2 პროცენტიან ზრდას 2023 წელს და 2.8 პროცენტამდე ზრდას 2024 წელს.
დასავლეთ ბალკანეთში, 2023 წლის დასაწყისში ევროზონის პარტნიორებთან ვაჭრობის შესუსტების შედეგი ნაწილობრივ კომპენსირდება ტურიზმის სექტორის ძლიერი მაჩვენებლებით რეგიონის სერვისზე დაფუძნებულ ეკონომიკებში. პროგნოზის თანახმად, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) გაიზრდება 2 პროცენტით 2023 წელს და მიაღწევს 3,4 პროცენტს 2024 წელს.
ცენტრალურ აზიაში ზრდა მოსალოდნელია, რომ დარჩება ძლიერი, 5,7 პროცენტი 2023 წელს და 5,9 პროცენტი 2024 წელს. ამ პროცესის მამოძრავებელია სახელმწიფოს დანახარჯები, ჩინეთის მოთხოვნა საქონელზე, შუალედური ვაჭრობა და ექსპორტი რუსეთში, ფულადი გზავნილები და კომპანიების რუსეთიდან გადმოტანა.
აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ეკონომიკა ადაპტირდება უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულ უკიდურეს შოკთან. პროგნოზი ითვალისწინებს მშპ-ს 1.9 პროცენტიან ზრდას 2023 წელს და 3.1 პროცენტამდე 2024 წელს.
უკრაინაში 2023 წლისთვის მოსალოდნელია მთლიანი შიდა პროდუქტის 1 პროცენტიანი ზრდა, რაც ასახავს წლის მკვეთრ შემცირებას პირველ კვარტალში. ამას სავარაუდოდ 2024 წელს 3 პროცენტიანი ზრდა მოჰყვება.
თურქეთში ზრდა პროგნოზირებულია 3,5 პროცენტით 2023 წელს და 3 პროცენტით 2024 წელს. წინა პროგნოზის 1 პროცენტული პუნქტით ცვლა ასახავს წინასაარჩევნო ფისკალურ სტიმულს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ზრდა შენელდება წლის მეორე ნახევარში.
სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში* მოსალოდნელია, რომ გამომუშავება გაიზრდება 3.7 პროცენტით 2023 წელს და 3.9 პროცენტით 2024 წელს, წინა პროგნოზებიდან შემცირებული ცვლილებები ასახავს სტრუქტურული რეფორმების შეფერხებას და გაზრდილ ფისკალურ და გარე მოწყვლადობას.
* ეს პროგნოზები არ შეიცავს მაროკოში 2023 წლის სექტემბრის მიწისძვრის პოტენციურ შედეგს, რადგან სავარაუდო ზემოქმედების მთლიან ეკონომიკურ აქტივობაზე ამ ეტაპზე რთული შესაფასებელია.
უახლესი
16 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება