ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის გაზრდის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 მგვტ დადგმული სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მაღალეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის წყაროდ განიხილება, წინადადებების წარმოდგენაზე მოწვევა ცხადდება.
ინვესტორზე შესაბამისი პირობებით გასხვისდება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილი 100%-იანი წილი გარდაბნის თბოსადგურ 3-ში, რომლის ღირებულება 2 450 000 აშშ დოლარს შეადგენს.
მოგეხსენებათ, ინვესტორის შესარჩევად წინადადებების წარმოდგენაზე მოწვევის გამოცხადება, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, მიმდინარე წლის 29 მაისს, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად დაევალა. სწორედ ამ მიზნით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს გარდაბნის თბოსადგური 3-ისა და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.
ელექტრონული აუქციონი ღიად ჩატარდება და მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება. ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვებ-გვერდებზე განთავსდება.
პროცედურის პერიოდი ორი თვით განისაზღვრება (2023 წლის 30 ივნისიდან 2023 წლის 31 აგვისტომდე), ხოლო წინადადებები 25 აგვისტოდან 31 აგვისტოს 18:00 საათამდე მიიღება. მონაწილეებს მხოლოდ ერთი წინადადების წარმოდგენის უფლება აქვთ.
უახლესი