რძის ქალაქი • Milky City მრავალი წელია, რაც რძის პროდუქტებს აწარმოებს და საკუთარ მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანიის მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia Milky City-ის მარკეტინგის მენეჯერს თამარ მოდებაძეს ესაუბრა.
„კომპანია „რძის ქალაქი“ მრავალი წელია, რაც აწარმოებს ნედლ რძეზე დამზადებულ რძის პროდუქტებს. მომხმარებლებს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის, ნედლ რძეზე დამზადებულ პროდუქციას, რომელიც იყიდება „რძის ქალაქის“ ბრენდის ქვეშ არსებულ მაღაზიებში “, - ამბობს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი თამარ მოდებაძე.
ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია. კომპანიის მიერ ამ ეტაპზე იწარმოება 18-მდე დასახელების რძის პროდუქტი.
„რძის ქალაქს“ აქვს საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ 18-მდე დასახელების რძის პროდუქტს: სულგუნი, შებოლილი სულგუნი, იმერული ყველი, ქარხნული ყველი, სულგუნის რულეტი, ნადუღი, ნადუღი პიტნით, ხაჭო, არაჟანი, იოგურტი, კარაქი, ერბო და ა.შ. “, - განმარტავს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი.
მისივე თქმით, რძის პროდუქტებზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა ის რიგ გამოწვევებზეც საუბრობს, რაც თან ახლავს ამ სფეროს.
„ბაზარზე რძის პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია, თუმცა არსებობს გამოწვევები, როგორიცაა უკონტროლო არა ეტიკეტირებული ყველის გაყიდვა და ფალსიფიკაცია, რაც ისევ და ისევ კეთილსინდისიერ ბიზნეს ოპერატორებს გვაზარალებს “, - აღნიშნავს თამარ მოდებაძე.
„რძის ქალაქი“ სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ლოიალური ფასია.
„კომპანია „რძის ქალაქი“ ერთ-ერთი იმ იშვიათ რძის პროდუქტების მწარმოებლებს შორისაა, რომელიც მხოლოდ ნედლ რძეზე მუშაობს. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ლოიალური საფასო პოლიტიკა, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს მომხმარებლებს, შეიძინონ ნატურალური, უსაფრთხო და ნედლ რძეზე დამზადებული რძის პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად “, - აცხადებს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი თამარ მოდებაძე.
„რძის ქალაქი“ სამომავლოდ ასორტიმენტის ზრდას გეგმავს.
„სამომავლოდ გვსურს ასორტიმენტის კიდევ უფრო გაზრდა და გვაქვს რამდენიმე პროდუქტი მხედველობაში. აგრეთვე საცალო ვაჭრობის გარდა, კიდევ უფრო აქტიურად მუშაობა B2B მიმართულებით “, - ამბობს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი თამარ მოდებაძე.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ აღნიშნული საქმიანობა 34 წლის წინ დაიწყო, როგორც პატარა საოჯახო ბიზნესმა, ხოლო 2021 წელს განხორციელდა რამდენიმე მსხვილი ინვესტიცია და გაიხსნა მაღალტექნოლოგიური ახალი ქარხანა, რის შემდეგაც გაჩნდა უკვე ბრენდიც „რძის ქალაქი“. ამ ეტაპზე თბილისში კომპანია ორ მაღაზიას ფლობს და ასევე დედოფლისწყაროში ერთ მაღაზიას, სადაც ასევე არის ქარხანაც.
უახლესი
8 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8172 ლარი გახდა8 საათის წინ
იანვრის მაჩვენებლებით ხორბლის იმპორტი შემცირდა