დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გავლენას მოახდენს ინდოეთის მიერ ბრინჯზე დაწესებული შეზღუდვები საქართველოზე

რა გავლენას მოახდენს ინდოეთის მიერ ბრინჯზე დაწესებული შეზღუდვები საქართველოზე

28-08-2023 11:00:56

საქართველოსთვის ბრინჯის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა ინდოეთია, საიდანაც მიმდინარე წელს 3,708.55 ტონა ბრინჯი შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 61%-ია.

ინდოეთმა კი როგორც ბრინჯის უმსხვილესმა ექსპორტიორმა, შიდა სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბრინჯის ექსპორტი შეზღუდა, რაც მის გლობალურ მიწოდებას კიდევ უფრო შეამცირებს. 

2023 წლის 7 თვეში საქართველომ ინდოეთიდან 2,641.70 ათასი დოლარის ბრინჯი იყიდა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბრინჯის იმპორტის მხრივ ბაზარი საკმაოდ დივერსიფიცირებული აქვს, თუმცა ინდოეთის გარდა სხვა ქვეყნებიდან ბრინჯის იმპორტის მაჩვენებლები საკმაოდ მცირეა.

საქსტატის მიხედვით იმპორტის კუთხით მეორე ადგილზეა პაკისტანი, საიდანაც ქვეყანამ იანვარ-ივლისში 1,103.47 ტონა ბრინჯი იყიდა. მესამე პოზიციას 549.00 ტონით ტაილანდი იკავებს. 

2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 4,613.04 ათასი დოლარის ღირებულების 6,105.53 ტონა ბრინჯის იმპორტი განახორციელა.

ცნობისათვის, ინდოეთის მთავრობამ დააწესა 20%-იანი საექსპორტო გადასახადი მოხარშულ ბრინჯზე, რაც დაუყოვნებლივ აისახა ბრინჯის ფასებზე აზიაში. გარდა ამისა, საზღვარგარეთ ბრინჯის გაყიდვების დაახლოებით 80% შეიზღუდა.

ამ თვეში ბრინჯის ფასები აზიაში ბოლო 15 წლის მაქსიმუმზეა და შეიძლება კიდევ გაიზარდოს, რაც ზრდის ხარჯებს იმპორტიორებისთვის, როგორიცაა ფილიპინები და აფრიკის ზოგიერთი ქვეყანა, წერს გამოცემა. 

ინდოეთის ბოლოდროინდელი პროტექციონისტული ზომები შეესაბამება მის აგრესიულ მცდელობებს, რათა შეამციროს ადგილობრივი საკვები პროდუქტების ფასები არჩევნების წინ.

ბრინჯის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კრიშნა რაომ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი შეამცირებს შიდა ფასებს და დაეხმარება ინდოეთის მთავრობას სურსათის ინფლაციის კონტროლში.

"ბრინჯი ძირითადი საკვებია მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევრისთვის. ინდოეთის დაბლოკვა ხდება იმ დროს, როდესაც საკვების ფასები ჯერ კიდევ მაღალია უკრაინაში რუსეთის ომის გამო და არასტაბილური ამინდი მთელ მსოფლიოში საფრთხეს უქმნის მარცვლეულისა და ზეთის მიწოდებას“,  - ნათქვამია  Bloomberg-ის სტატიაში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები