საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ფერმერების მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპეციალურ პროგრამას „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“ სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარია.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობას საკუთრებაში გააჩნია მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მაღალია მოთხოვნა ხელის ტრაქტორებზე (მოტობლოკებზე). ახალი სახელმწიფო პროგრამაც სწორედ ფერმერთა ამ საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა.
ახალი პროგრამით დაფინანსება შეუძლია მიიღოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც მაღალმთიან დასახლებაში საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მაღალმთიან დასახელებებში მცხოვრები პირების მიერ შესაძენი მცირე ზომის (7 ცხ.ძ-დან) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 70%, თანადაფინანსების ლიმიტი განსხვავებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმძლავრეების მიხედვით და არ აღემატება 2500 ლარს.
სახელმწიფოს თანადაფინანსებით მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები 2024 წელსაც შეძლებენ. განაცხადების მიღება მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყება.
აგრარული მიმართულებით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების შედეგად, ყოველწლიურად იზრდება მსხმოიარობაში შესული ბაღების რაოდენობა, რაც ზრდის მოსავლის ამღებ ტექნიკაზე მოთხოვნას. სახელმწიფოს მიზანია, მეტი ფერმერის და აგრობიზნესში ჩართული პირისათვის იყოს ხელმისაწვდომი მოსავლის ამღები თანამედროვე ტექნიკა, რაც უზრუნველყოფს აგროვადების გათვალისწინებით მოსავლის აღებას და, შესაბამისად, მაღალი ხარისხის შენარჩუნებას. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში თანამედროვე ტექნიკის გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა მოსავლის აღების პროცესს უფრო ოპერატიულს და ეფექტიანს გახდის.
მიმდინარე წელს გაზრდილია მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ჯამური ბიუჯეტი. გასულ წელს, გამოყოფილი იყო 7 მლნ ლარი, წელს ეს თანხა 10 მლნ ლარია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დიდია პროგრამით დაინტერესება, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების პროცენტულობა განისაზღვრა ღირებულების 30%-ით, მაგრამ არაუმეტეს 150, 000 ლარით. პროგრამის ახალი პირობით, თანადაფინანსებით ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენაც შესაძლებელია.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია თანამედროვე სტანდარტის აგროწარმოების განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისად, ხორციელდება არაერთი პროგრამა, მათ შორის, ფერმერებისათვის სხვადასხვა სიმძლავრის, ახალ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით. 2013 წლიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 7500 ერთეული, 440 მლნ ლარზე მეტი ღირებულების, სხვადასხვა სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტებია შეძენილი. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 122 მლნ ლარს აღემატება.
უახლესი
2 საათის წინ
ოქტომბერში ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა2 საათის წინ
ჩინეთიდან იმპორტი 18%-იან ზრდას აჩვენებს