„ფეროშენადნობთა ასოციაციის" პრეზიდენტი ნუგზარ კევლიშვილი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე ფეროშენადნობებს აწარმოებენ ზამთრის სეზონი საკმაოდ რთული იქნება.
„მსოფლიო ბაზარზე ფეროშენადნობების ფასი კვლავ შემცირდა, ხოლო საქართველოში წარმოებისთვის საჭირო ელექტროენერგიის იმპორტის გამო, წარმოების თვითღირებულება გაიზარდა. მსოფლიო ბაზარზე შემცირებული ფასი, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე ნაწარმის თვითღირებულების ზრდა, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ამ დარგში ოპერირებენ, ახალი გამოწვევაა“,- ამბობს ნუგზარ კევლიშვილი.
მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე კრიზისი შესაძლოა, უფრო გამწვავდეს.
„მსოფლიო ბაზარზე ახლა ფეროშენადნობების ფასი დაეცა და შესაბამისად ამას ისიც დაემატა, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიაზე ფასი მაღალია საქართველოში, რადგან ელექტროენერგიის იმპორტი გვიწევს. ფერო-შენადნობების თვითღირებულება იზრდება და ამ ფონზე პროდუქციაზე ფასი ქვემოთ მოდის. ძალიან უარყოფითად იმოქმედა ამან, რადგან ძველ ნიშნულს დაუბრუნდა ფასი. ახლა სილიკომანგანუმის ფასი ტონაზე $1000-ია
რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, „ჯორჯიან მანგანეზი“ დარგის ფლაგმანია, მაგრამ ახლა 11 ღუმელიდან 6 გამორთული აქვთ. მიკვირს როგორ ახდენენ თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდას. აქვთ ვალდებულებები რომ ქარხანა არ გაჩერდეს და თანამშრომლებს ხელფასები გადაუხადონ და კადრები შეინარჩუნონ. ზამთრის პერიოდი ფეროშენადნობების მწარმოებლებისთვის ადვილი არ იქნება“,- ამბობს ნუგზარ კევლიშვილი.
საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი გაზრდილია. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 197,013.37 ფეროშენადნობები გაიტანა, რომლის საერთო ღირებულებაც 227,060.58 ათასი დოლარი იყო. 2023 წლის სამი კვარტის მონაცემებით კი ექსპორტზე 115,838.46 ტონა 115,838.46 იყო გატანილი.
მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკის თანახმად, ქვეყნიდან ექსპორტირებული ფეროშენადნობების 41% თურქეთზე მოდის: თურქეთი - 80,873.19 ტონა, აშშ - 48,056.45 ტონა, ეგვიპტე - 17,049.57 ტონა, იტალია - 7,647.16 ტონა, უკრაინა - 6,480.00 ტონა.
საგულისხმოა, რომ საქართველოდან ფეროშენადნობებს ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს 2021 წელს მიაღწია. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ საზღვარგარეთ 299,384.71 ტონა ფეროშენადნობები გადაზიდა, საიდანაც 477,432.79 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
ზურაბ კევლიშვილი, საქართველოდან ექსპორტის ზრდას, ევროპის ბაზარზე ზაფხულის თვეებში გაჩენილ ხანმოკლე დეფიციტს უკავშირებს.
„წინა წელთან შედარებით გაიზარდა ფეროშენადნობების ექსპორტი საქართველოდან. მაგრამ თუ 2020-2021 წლების მონაცემებს შევადარებთ, კლება მნიშვნელოვანია. წელს ექსპორტის ზრდა განაპირობა იმანაც, რომ ზაფხულის პერიოდში მცირედით იყო ფეროშენადნობებზე მოთხოვნა გაზრდილი, თუმცა შემდეგ წითელი ზღვის კრიზისი დაემატა და ინდოეთიდან ჩვენი კონკურენტები თურქეთსა და ევროპას ვერ აწვდიდნენ პროდუქციას, რამაც გამოიწვია მცირე დეფიციტი ბაზარზე. კერძოდ, ევროპაში და ფასი $1000 დან $1350-მდე გაიზარდა. ეს იყო სულ რამდენიმე თვე ზაფხულის პერიოდში და ამას დაემატა ის, რომ წყალუხვობის პერიოდი იყო საქართველოში და გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ელექტროენერგიაზე ფასი დაბალია, შესაბამისად ფასმა მოიმატა და პროდუქციის თვითღირებულებამ დაიწია და ამიტომ გაიზარდა ექსპორტი. ბევრმა საწარმომ მთლიანი მოცულობით დაიწყო პროდუქციის გამოშვება, ზოგი ჩაირთო და ა.შ.“,- განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.
რაც შეეხება მსოფლიო ბაზარზე არსებულ კრიზისს, ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელი რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებს.
„ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე პრობლემები, პოლიტიკურმა კრიზისმა გამოიწვია. კერძოდ, რუსეთის კონფრონტაციამ უკრაინაში, ევროპაში მეტალთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი ცვლილებები გამოიწვია
იმის გამო, რომ რუსეთ-უკრაინის ომია, დიდი პროექტები არ კეთდება, გაძვირდა ენერგომატარებლები და აქედან გამომდინარე მეტალზე მოთხოვნა დაეცა, რამაც ჯაჭვურად გამოიწვია ფეროშენადნობებზე ფასების კლება“, - აღნიშნა ნუგზარ კევლიშვილმა.
უახლესი