დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,ვაინ კახეთი“  ტრადიციულ ღვინოებთან ერთად ,,ალაზნის ველის“ ჩამოსხმას გეგმავს

,,ვაინ კახეთი“  ტრადიციულ ღვინოებთან ერთად ,,ალაზნის ველის“ ჩამოსხმას გეგმავს

05-10-2023 15:00:57

„ვაინ კახეთის“ ისტორია იწყება 2017 წლიდან, როცა კომპანიამ გადაწყვიტა, უნიკალური ცოდნითა და გამოცდილებით უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინო შეექმნა.

როგორც კომპანიაში Business Insider Georgia - თან განმარტავენ, წარმოებაში მაქსიმალურად გაითვალისწინეს ტრადიციული გამოცდილება, რომელიც მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში, 1921 წლიდან გროვდებოდა.

,,ვაზის მოსავლისა და შემდეგ უკვე ღვინის ხარისხი სწორედ იმ ექსპერიმენტების შედეგებითაა გარანტირებული, რასაც ქართველი მევენახე-მეღვინეები წლების განმავლობაში ატარებდნენ. წამყვანი სპეციალისტები, სოლომონ ჩოლოყაშვილის ხელმძღვანელობით, იკვლევდნენ, სწავლობდნენ და აგროვებდნენ ქართულ უნიკალურ ჯიშებს. ამ გამოცდილებით შევარჩიეთ საუკეთესო ზონები ვენახებისთვის და მსოფლიოში უდიდესი სანერგიდან, იტალიური „რაუშედოდან“ ჩამოტანილი ნერგები გავაშენეთ.

ჩვენ ვისწავლეთ და ვიცით, როგორ მოვუაროთ ვაზს, როგორ დავიცვათ დაავადებებისგან, როგორ მივიღოთ საუკეთესო ხარისხის მოსავალი და როგორ შევქმნათ პრემიუმ ხარისხის, ნამდვილი ქართული ღვინო“, - აცხადებენ კომპანიაში.

,,ვაინ კახეთის“ სამომავლო გეგმა გულისხმობს როგორც ღვინის შეთავაზებას ქართული ბაზრისთვის, ისე ექსპორტს ევროპულ, აზიურ და ამერიკულ ბაზარზე. პირველ ეტაპზე, „ვაინ კახეთი“ საფერავის, რქაწითელის, ქისისა და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნისგან ჩამოასხამს ღვინოს.

ასევე, გეგმავს, დაამზადოს „ალაზნის ველი“, კომპანიის ქარხანაში, რომელიც ერთერთი ყველაზე დიდი წარმადობით გამოირჩევა, რეგიონში. კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში 200-ზე მეტი ადამიანია ჩართული. ,,მეღვინეობის სფეროს უმთავრეს გამოწვევად დღემდე რჩება ხარისხი. ძალიან მნიშვნელოვანია, ისტორია, რომელიც 8000 წლის წინ დაიწყო, ღირსეულად გაგრძელდეს და ქართულმა ღვინომ დაიკავოს დამსახურებული ადგილი მსოფლიო ბაზარზე.“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

„ვაინ კახეთში“ უდიდეს მნიშვნელობა ენიჭება გარემოზე ზრუნვას. სწორედ, ამიტომ, კომპანია გეგმავს, 2024 წლის ბოლომდე, სრულად გადავიდეს ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე.

,,ვაინ კახეთის“ ღვინის ქარხანა, რომელიც დიდი სიმძლავრის ენერგიას მოიხმარს, უკვე გადაიხურა მზის პანელებით, რომლის დადგმული სიმძლავრე 360 კილოვატია. ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების პროექტი საქართველოს ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები