სვანეთში პოპულარული ტურისტული კომპლექსი „ჰეშკილის ქოხები“ სტუმრებს იღებს.
როგორც Business Insider Georgia-ს „ჰეშკილის ქოხების“ დამფუძნებელმა, დავით ფილფანმა განაცხადა, ტურისტულ კომპლექსს სეზონზე ერთდროულად 36 სტუმრის მიღება შეუძლია, ხოლო ქოხების რაოდენობა დღეისათვის 12-ს აღწევს.
„ჩვენი ქოხები სხვადასხვა ტიპისაა და სერვისზე მოთხოვნა დიდია. ყველა ქოხი თავისებურად საინტერესოა, რადგან ეს არ არის ჩვეულებრივი სასტუმროს ტიპის კომპლექსი. უფრო ახლოსაა ბუნებასთან და ნატურალური მასალებითაა აგებული“, - აცხადებს დავით ფილფანი.
ზოგადად ტურისტებში „ჰეშკილის ქოხებში“ ყველაზე მოთხოვნადად ხეზე ქოხი და მბრუნავი ქოხი მიიჩნევა.
„ჰეშკილის ქოხების“ მეპატრონე ამბობს, რომ სეზონზე კომპლექსი 40%-ით უკვე წინასწარაა დაჯავშნილი.
„სეზონი უკვე გავხსენით და სტუმრებსაც ვიღებთ. წინასწარი ჯავშნებით 40%-ი უკვე დაკავებულია. ამ ჯავშნებიდან 60%-ი ადგილობრივ, ხოლო 40%-ი უცხოელ ტურისტებზე მოდის. რაც შეხება უცხოელებს, ძირითადი ჯავშნები შემოდის გერმანიიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, საფრანგეთიდან და და იტალიიდან“, - აცხადეს დავით ფილფანი, რომელიც „ჰეშკილის ქოხებში“ სტუმრების პიკს ივლისში, აგვისტოში და სექტემბერში ელოდება.
რაც შეეხება ქოხებში განთავსების ფასებს, მიმდინარე სეზონზე, ერთი ადამიანის ღამისთევის ფასი 35-დან-65 ლარამდე იქნება, ხოლო ორ ადგილიანი ხეზე ქოხის შემთხვევაში 80 ლარი, მბრუნავ ქოხში კი 50 ლარი.
აღნიშნული ფასებში არ შედის კვება. კვებისთვის ადგილზე მოქმედებს კაფე-ბარი, სადაც სტუმრები სურვილისამებრ, მოცემული მენიუდან შეძლებენ კერძების დაგემოვნებას“, - ამბობს დავით ფილფანი.
„ჰეშკილის ქოხების“ მფლობელი მიმდინარე ტურისტული სეზონის პროგნოზირებისგან თავს იკავებს და განმარტავს, რომ დასაწყისი შარშანდელი ტურისტული სეზონის იდენტურია.
სამეგრელო - ზემო სვანეთში მდებარეობს პატარა სოფელი ჰეშკილი, მესტიიდან 6 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, სამთო- სათხილამურო კურორტ ჰაწვალისკენ მიმავალ გზაზე. სოფელში უძველესი ძეგლები და რელიგიური ნაგებობებია. სწორედ ამ სოფელშია განლაგებული “ჰეშკილის ქოხები”, რომელიც ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია.
უახლესი